ერაყის მოქალაქე ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს

ორი არასრულწლოვანი გოგონა მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე მ.შ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

43 წლის ერაყის მოქალაქე ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლებით სარგებლობს.

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები ქალების მაკონტროლებელი აპლიკაციების გაუქმებას მოითხოვენ

მ.შ.-მ მიმდინარე წლის 30 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი შვილების მოძებნაში დახმარება ითხოვა. იმავე დღეს, პოლიციას აღნიშნული მოქალაქის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.

საგამოძიებო პროცესებში ჩაერთნენ სოციალური მუშაკებიც, რომლებმაც ორივე გოგონა დაუყოვნებლივ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

პოლიციამ დაადგინა, რომ მ.შ. საკუთარ შვილებზე ძალადობდა, რის გამოც იგი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობა), რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.