​გრიგორი ლეპსი ლიეტუვაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა

გრიგორი ლეპსმა ლიეტუვაში კონცერტი 2019 წლის მარტში გამართა
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის მომღერალი, კომპოზიტორი  და პროდიუსერი  გრიგორი ლეპსი (გრიგორი ლეპსვერიძე) ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ლიეტუვის სააგენტო „დელფზე“ დაყრდნობით.

შესაბამის გადაწყვეტილებას ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეიმუტის მისუნასმა საგარეო საქმეთა მინისტრ ინას ლინკევიჩუსის მიმართვის შემდეგ 30 აპრილს მოაწერა ხელი.

რატომ ვერ ჩამოვა ჟვანეცკი თბილისში

ლეპსის წინააღმდეგ სანქციები ლიეტუვაში მოქმედი „მაგნიტსკის სიის“ საფუძველზე შევიდა, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს „შავ სიაში” შეიყვანოს კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული პირები.

2013 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ლეპსს „პოსტსაბჭოთა მაფიასთან" კავშირი დააბრალა და „შავ სიაში" შეიყვანა. აშშ-ის ოფიციალური სამსახურების განცხადებებით, დანაშაულებრივ სამყაროში ლეპსს ჰქონდა მეტსახელი „გრიშა", ის ოფიციალურად ტაილანდში ცხოვრობდა და მაფიის ფული გადაჰქონდა. მუსიკოსს ამაზე ირონიული რეაქცია ჰქონდა და მან ახალ ფირფიტას Гангстер №1 უწოდა.

როგორც ლიეტუვურ მედიასთან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დარიუს სკუსიავიჩუსმა განაცხადა, ლეპსის „შავ სიაში“ შეყვანის გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

„მიგვანია, რომ ის, რაშიც მას ადანაშაულებენ აშშ-ში, საკმარისი მიზეზია „შავ სიაში“ შესაყვანად“, – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.

გრიგორი ლეპსს აშშ-ის მიერ სანქციები 2013 წლიდან აქვს დაწესებული. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ  მომღერალს კრიმინალურ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი.

რატომ არ შეუშვეს ქართული საბავშვო ანსამბლი ისრაელში

აღსანიშნავია ისიც, რომ გრიგორი ლეპსმა ლიეტუვაში კონცერტი 2019 წლის მარტში გამართა. 

ქალაქ სოჭში დაბადებული გრიგორი ლეპსი ბოლო წლების რუსული ესტრადის ნამდვილ მოვლენად იქცა. სკოლაში ოროსანი იყო, თუმცა სერიოზულად იყო გატაცებული ფეხბურთით და მუსიკით. 1990-იანი წლების დასაწყისში სოჭის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში რომანსებს მღეროდა, 30 წლის ასაკში სახელის მოსახვეჭად მოსკოვში გაემგზავრა.

1995 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი Храни Вас Бог, რომლის სიმღერა "ნატალი" ძალიან მალე პოპულარული გახდა. უკვე 1998 წელს ალა პუგაჩოვას მიწვევით მიიღო მონაწილეობა „ოლიმპიისკის" სასახლეში გამართულ კონცერტზე Рождественские встречи. საკუთარ სტილს განსაზღვრავს როგორც „საესტრადო სიმღერას როკის ელემენტებით".

ლეპსი — ბიზნესმენი და რესტორატორია, აქვს სათვალეების ხაზი Leps Оптика. ლეპსი ორჯერ დაქორწინდა, ჰყავს ოთხი შვილი.