ცნობილი გახდა ელექტროსისტემის ავარიის მიზეზი

მომხდარი ავარიის მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნა.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ენერგოსისტემაში ავარიული გამორთვის მიზეზი ძლიერი ქარი იყო, განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა პირველი არხის ეთერში.

თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა>>

ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი" ავარიულად გუშინ, 18:11 საათზე გამოირთო, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დენის მიწოდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ორ საათში აღდგა.

„პირველადი მონაცემებით, ავარია გამოწვეული იყო ძლიერი ქარით. შედეგად სისტემაში ორი მძლავრი ელექტროენერგეტიკული ელემენტი გამოირთო და ამოქმედდა ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკა. ამ ავტომატიკის მოქმედების შედეგად შეიზღუდა ენერგოსისტემაში დაახლოებით 30 პროცენტის მოხმარება", – განაცხადა ამუზაშვილმა.

მისი თქმით, შემთხვევის მიზეზებს დეტალურად სპეციალური კომისია შეისწავლის.

თბილისი და ქვეყნის დიდი ნაწილი დენის გარეშე დარჩა: რა მოხდა?>>

ტელეარხის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი" კაპიტალურად დაახლოებით ერთი თვის წინ გაარემონტეს, ხოლო ასეთი ფორს-მაჟორული ვითარებისგან არც ერთი ქვეყნის ენერგოსისტემა არ არის დაზღვეული.