საქართველოში პოლიციელების მწვავე უკმარისობაა – რას გეგმავს შსს

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა 2010 წლიდან არ შეცვლილა.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ტურისტებისა და ავტომობილების რაოდენობის ზრდის გამო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

გიორგი გახარია: „შსს-ს ვერავინ ვერასდროს ვერ შეუზღუდავს არეალებს“>>>

„საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა. ამ შემთხვევაში თქვენ მინდა დახმარება გთხოვოთ", – მიმართა გახარიამ დეპუტატებს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში დანაშაული კვლავ იზრდება - გამოქვეყნდა შსს-ს სტატისტიკა

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა 2010 წლიდან არ შეცვლილა.

„ამ პერიოდში დარეგისტრირებული ტრანსპორტის რაოდენობა 700 ათასიდან 1,2 მილიონამდე, ტურისტების რაოდენობა კი 1 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა და, თქვენ მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციას დამატებითი ვალდებულებები დაეკისრა. ამ პირობებში პატრულის რაოდენობა არ გაზრდილა და დღეს მწვავედ დგას ადამიანური რესურსის ნაკლებობის საკითხი", – განაცხადა გახარიამ.

საპატრულო პოლიციის მოვალეობებში შედის დანაშულსა და სახიფათო სიტუაციაზე რეაგირება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, გზებზე ავარიების შემცირების მიზნით ღონისძიებების ჩატარება, სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო რეჟიმის დაცვა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და მისი აღკვეთა.