თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ამიერკავკასიაში ყველაზე „მძლავრი და განვითარებული" კრიმინალისტიკური ლაბორატორია თბილისში გაიხსნება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში.
გიორგი გახარია: „შსს-ს ვერავინ ვერასდროს ვერ შეუზღუდავს არეალებს“>>>
„ახლო მომავალში ჩვენ ამ შენობას თბილისში, გულუას ქუჩაზე გავხსნით. კრიმინალისტიკური ლაბორატორია შეძლებს სრულფასოვნად მოემსახუროს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა საგამოძიებო უწყებებს", – განაცხადა გახარიამ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
აღნიშნულ სტრუქტურას ექნება თავისი დნმ ლაბორატორია, ასევე ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზებული სისტემა, რომლის წყალობით მოხერხდება დანაშაულის გამოძიების დაჩქარება.
„როდესაც დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა მასრას ან ტყვიას, ტყვიის დაახლოებით 400 ათასი ეგზემპლარი ხელით უნდა შეედარებინა, რადგან ელექტრონული ბაზა არ არსებობდა. შეიძლება ეს შედარება დაწყებულიყო დღეს და დამთავრებულიყო 10 წლის შემდეგ", – განაცხადა გახარიამ.
მისი სიტყვებით, დღეს უწყების მიზანია ბალისტიკური შემოწმების დროის ერთ დღემდე დაყვანა.
ლაბორატორია გამოიყენებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ბაზებს. ამასთან, იგი ბიუროს აღნიშნული ბაზის შევსებაში დაეხმარება.
ლაბორატორია 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
„მინდა შევეხო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის საკითხს. მაღალი ხარისხის ტექნოლოგიის გარეშე არ არსებობს თანამედროვე პოლიციელის მომსახურება, ამიტომ 2018 წლის განმავლობაში სამინისტრომ ინფრასტრუქტურაზე, ფაქტობრივად, 96-97 მილიონი დახარჯა", – განაცხადა გახარიამ.
აღნიშნული თანხები ახალ ავტომობილებს, პოლიციის შენობებს, დროებითი მოთავსების იზოლატორებს, ასევე ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ აღჭურვილობას მოხმარდა.