„გარემო იქნება ჩემი კლიენტი" – საქართველოს უცხოელი გარემოსდაცვითი ომბუდსმენი ეყოლება

გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის თანამდებობაზე დევიდ მორისონი წარადგინა.

რატომ ქმნის ხელისუფლება გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატს>>>

გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატის შექმნის თაობაზე საუბარი პანკისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ დაიწყო. ახალი ინსტიტუტი გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მამუკა ბახტაძის ინიციატივით შეიქმნა და ის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.

„გარემოსდაცვით საზოგადოებაში დევიდ მორისონი ძალიან ცნობილი ადამიანია. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო აქტიურ ფონდს – „კავკასიის ბუნების ფონდს". დევიდ მორისონი საკმაოდ ცნობილი სახეა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც დაკავებულია გარემოსდაცვითი საქმიანობით", – აღნიშნა ბახტაძემ.

თბილისის მიტოვებული ტყე-პარკი ერთ-ერთ საუკეთესო ზონად გადაიქცევა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მორისონი ითანამშრომლებს როგორც საქართველოს პარლამენტთან და სამთავრობო უწყებებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი საქმიანობით.

„პროფესიით იურისტი ვარ და გარემო იქნება ჩემი კლიენტი. მე არ ვთვლი ამას სამუშაოდ, მე ვთვლი ამას მისიად. საქართველოს მომავალი არის მწვანე", – განაცხადა დევიდ მორისონმა.

ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი სამდივნო, სადაც ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელებენ. ამასთანავე იგი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და კონსულტაციებს გაუწევს დაინტერესებულ პირებს.

თბილისში ეკოლოგიის გადასარჩენად გრანდიოზული პროექტის - ეკო-ჰოლდინგის პრეზენტაცია გაიმართა>>>

მორისონი საქართველოში გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში აქტიურად 2008 წლიდან ჩაერთო. 2008-2016 წლებში იგი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.

ამჟამად საქართველოში სახალხო დამცველის, ენერგოომბუდსმენის, ბიზნესომბუდსმენის და მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტები არსებობს. ყველა ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.