შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს ელოდებიან – ოპოზიცია მოხარულია, უმრავლესობა – დაბნეული

ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ოპოზიცია კარგა ხანია ითხოვს. გუშინ კი ერთ-ერთმა სააგენტომ, „ხელისუფლებასთან დაახლოებულ სანდო წყაროზე“ დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება – დანიშნოს ვადამდელი არჩევნები შემოდგომაზე.
Sputnik

ამბავი მოულოდნელი და არასასიამოვნო აღმოჩნდა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკისათვის. ის თვლის, რომ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და ამიტომაც ვადამდელი არჩევნები არასასურველია, თანაც მას არც არაფერი სმენია ამის შესახებ.

ექსპერტების აზრით, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები შემოდგომაზე, დიდწილად სამ რამეზეა დამოკიდებული:

1. როგორი იქნება 19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგები;

2. როგორია ჩვენი საგარეო პარტნიორების განწყობა;

3. რას ფიქრობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზუგდიდი - სანდრა რულოვსის და „ქართული ოცნების“ ვატერლოო

ახალი კონსტიტუციის თანახმად, მოგეხსენებათ, არჩევნებს პრეზიდენტი ნიშნავს ორ შემთხვევაში: პირველი – თუ პარლამენტი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც დიდი ხანია დამტკიცებულია და დეკემბრამდე ეს ფაქტი აღარ მოხდება, და მეორე – თუ გადადგა მთავრობა და ვერ მტკიცდება ახალი. მართალია, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება, რადგან ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმას ამ მოწვევის დროს ყოველთვის მოაგროვებს. მთავრობაში ცვლილებები ნამდვილადაა მოსალოდნელი მაისის ბოლოს, რაც ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენის საფუძველი უნდა გახდეს. ისიც აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ინაუგურაციიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ აქვს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლება.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ გახშირდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დასავლური ორგანიზაციების მხრიდან, ქვეყანაში კი სოციალურ-ეკონომიკური ფონი საკმაოდ არასახარბიელოა. ამ ფონზე, ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს ახალი ნარატივი, თუ რატომ უნდა მისცეს მას ხმა ამომრჩეველმა. „ის, რომ მიშა დაამარცხა და მის დროს ომი არ ყოფილა, აღარ მუშაობს“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

პანკისის ხეობის საიდუმლო – „საჯილდაო ქვა" ყველა ხელისუფლებისთვის

მთავრობა ცდილობს განათლების რეფორმას მიაპყროს ყურადღება. ის, რომ 2020 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი განათლებაზე დაიხარჯება და 60 ათასზე მეტი პედაგოგის ხელფასი გაიზრდება, თამამი და კარგი განაცხადია. უდავოდ დადებითია ჯანდაცვის რეფორმის შედეგები. დღეს კლინიკებში იმდენი ადამიანი მკურნალობს, რომ არა საყოველთაო ჯანდაცვა, სახლების გაყიდვა მოუწევდათ გადასარჩენად. სავარაუდოდ, ხალხი ამ პროგრამას დადებითად შეაფასებს და ეს მოხდება არჩევნებზეც, ვადამდელი იქნება ის თუ 2020 წლის.

ის, რომ მთავრობაში ვადამდელ არჩევნებზე მსჯელობა მიმდინარეობს, ფაქტია. ოპოზიცია, რომელიც სულაც არაა კარგად მომზადებული ამ არჩევნებისათვის, დიდი ხანია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ახალგაზრდული ფრთა მის უკან მდგომი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალაუფლება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. საკვანძო მოვლენები კი ამ მხრივ მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისშია მოსალოდნელი.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!