თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს ზღვისპირეთში წვერმაღალას ტყე-პარკი სტუმრების მისაღებად უკვე მზადაა.
საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე ორიარუსიანი პარკია გაშენებული. პირველ იარუსზე გიგანტური კვიპაროსები, ტიტები, ევკალიპტები ხარობს, აქვეა ბამბუკის ტყე და ხელოვნური ტბა, რომლის ირგვლივაც წიწვოვანი მცენარეებია დარგული.
მეორე იარუსზე კი მანდარინის ბაღია გაშენებული, აქვეა მოწყობილი ფანჩატური და რამდენიმე ტალავერი. გარდა ამისა, იქიდან ზღვაზე ულამაზესი ხედი იშლება.
პარკი შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარეობს.
ივანიშვილი ხეების გადარგვის გამო არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. საქმე ისაა, რომ მილიარდერი დასავლეთ საქართველოში იშვიათი ჯიშის ხეებს ეძებდა და თავისი სახსრებით გადაჰქონდა პარკში. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამგვარად ივანიშვილი ზიანს აყენებდა ეკოლოგიას და ადგილობრივ მოსახლეობასაც პრობლემებს უქმნიდა.
ექს-პრემიერი კი აცხადებს, რომ პროექტის განსახორციელებლად იგი კოლოსალურ თანხას ხარჯავდა, რაც ამად არ ღირდა, მაგრამ იგი მზად იყო, ამაზე თვალი დაეხუჭა მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთი დენდროლოგიური პარკი ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით გურიის რეგიონში, შეკვეთილში 2020 წელს გაიხსნება.