დეპუტატმა კობერიძემ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი დაასახელა

ლევან კობერიძემ მხარი არ დაუჭირა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტს, რომელიც მმართველმა პარტიამ შეიმუშავა.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან კობერიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრებით არის წარმოდგენილი.

სკანდალური კანონპროექტი სასამართლოების შესახებ დამტკიცებულია >>

კობერიძემ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კოლეგებთან უთანხმოება დაასახელა. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ცვლილებები, რომელთა წინააღმდეგაც გამოდიოდა ოპოზიცია, პარლამენტმა უკვე მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართა მორიგი ხმაურიანი საპარლამენტო სხდომის ფარგლებში, რომელზეც ეს საკითხი განიხილებოდა.

„სამწუხაროდ, ვერ დავითანხმე ჩემი გუნდის წევრები, რომ შესულიყო ის ცვლილებები, რომელსაც მე ვფიქრობდი, რომ იყო აუცილებელი. დღეს მესამედ დავაჭირე წითელ ღილაკს. მე ვთვლი, რომ ეს კანონპროექტი თავისი არსით არის ნაღმი, რომელიც იქნება ჩადებული ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის. შესაბამისად, მე ამ პროცესს გავემიჯნე. მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე უმრავლესობის რიგები“, – განუცხადა კობერიძემ ჟურნალისტებს.

კობერიძე საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

ევროპაც კი „გავაოცეთ" – ირაკლი კობახიძის პასუხი აშშ-ის ელჩის კრიტიკაზე

ამგვარად, კობერიძე რიგით მეცხრე დეპუტატია, რომელმაც 2019 წლის დასაწყისიდან საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ვნებათაღელვა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გამძაფრდა. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული კამათი დეპუტატებს შორის მალე შეურაცხყოფაში გადაიზარდა და საბოლოო ჯამში პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა დეპუტატმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ პარტია დატოვა.

თავისი გადაწყვეტილება მან თებერვალში გაახმოვანა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი მის ინიციატივას საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცესის 2025 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ.

ბესელიას შემდეგ „ქართული ოცნება" დატოვეს დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა, კობა ნარჩემაშვილმა და მირიან წიკლაურმა. შედეგად კი „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მაგრამ, როგორც ამას პარტიის ლიდერები აცხადებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ უკვე აღარ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის მთავარი კანონი უკვე განახლებულია.