თბილისის მიტოვებული ტყე-პარკი ერთ-ერთ საუკეთესო ზონად გადაიქცევა

კრწანისის ტყე-პარკში წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეებს დარგავენ
Sputnik

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კრწანისის მიტოვებული ტყე-პარკის აღდგენის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადგილი თანამედროვე და მომავალი თაობების სიამაყის საგანი გახდება.

ბახტაძე სიტყვით გამოვიდა ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციაზე.

XX საუკუნის 60-იან წლებში კრწანისის ტყე-პარკის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გარემოს დაცვის პრინციპების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მაგრამ ბოლო ათწლეულებში მწვანე საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა იმის გამო, რომ მას არავინ უვლიდა.

„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლითაც იამაყებენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს რეგიონში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია - ეს გახდება რეკრეაციული სივრცე, რომელიც თბილისს რუსთავთან დააკავშირებს.

სად გადაჰქონდა ივანიშვილს ხეები – საქართველოს ზღვისპირეთში ახალი პარკი გაიხსნა

„შეზღუდვები იმოქმედებს გადაადგილების საშუალებებზე, კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით, ან ელექტრომობილით. მჯერა, ადამიანური კაპიტალის განვითარების პარალელურად საქართველოს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, ეკოტურიზმში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა განაცხადა, უპასუხისმგებლო პოლიტიკამ და გარემოსდაცვითი პრინციპების იგნორირებამ ქალაქი საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დააყენა და ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებთან ბრძოლა დღემდე გრძელდება.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკასა და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ინიციატივაში. გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. სწორედ ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

თბილისში ეკოლოგიის გადასარჩენად გრანდიოზული პროექტის - ეკო-ჰოლდინგის პრეზენტაცია გაიმართა >>

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქისთვის კრწანისის ტყე-პარკის განვითარების დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი შეიქმნება

 „მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, უზარმაზარი რესურსი. ეს ტერიტორია თბილისის მახლობლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოვაწყოთ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გასვლის, გართობისა და მწვანე სივრცეში დასვენების სურვილი და შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კრწანისის ტყე-პარკში გაშენდება ყველაზე მრავალფეროვანი მცენარეები - დაწყებული საქართველოს შავი ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი ფლორით, დამთავრებული შირაქის ნახევარუდაბნოში გავრცელებული ჯიშებით. იქვე მოეწყობა ველური ფრინველების საშენი და მტკვრის აუზის იქთიოფაუნის გასაშენებელი მეურნეობა.

გარდა ამისა, ტყე-პარკში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტო განთავსდება - გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი და ველური ბუნების ეროვნული სააგენტო.