ახალი ინვესტიციები: საქართველოში ასამდე ბიზნესმენი ჩამოვიდა ისრაელიდან

თბილისში ჩამოვიდნენ ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც ასამდე ბიზნესმენი და ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას, სამშაბათს თბილისში გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ისრაელის ქნესეტისა (პარლამენტი) და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები. ქართული მხრიდან ფორუმში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სხვა მაღალჩინოსნები.

ბიუროკრატია და ახალი კანონები: ბიზნეს-ომბუდსმენმა 2019 წლის გამოწვევები დაასახელა

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმი უკვე მეოცედ იმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, სპეციალურად ამ ფორუმისთვის ისრაელიდან საქართველოში ჩამოდიან დიდი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებული არიან ადგილობრივი ბიზნეს-კლიმატის გაცნობით და ინვესტიციების ჩადებით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სამშენებლო ბიზნესის, მაღალი ტექნოლოგიების სფეროს, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებების წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატა.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ამის შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა ფორმატით. სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 2018 წელს 30 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.