ახალი ქალაქი თბილისში: სამხედროებს საკუთრებაში მიწას გადასცემენ

საქართველოს მთავრობა მაღალი რანგის 700 ოფიცერსა და სერჟანტს მიწას გადასცემს.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისში, მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ახალი სამხედრო ქალაქი გაშენდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პროექტის პრეზენტაცია მიეძღვნა საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, რომელიც უკვე 28 წლისაა. დღეს დედაქალაქში ერთი სამხედრო ქალაქია – ვარკეთილში.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალი უბნის მშენებლობას თქვენთვის, ჩვენი სამხედროებისთვის და თქვენი ოჯახებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ძალიან ემოციური პროექტი პირადად ჩემთვის. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე", – განაცხადა ბახტაძემ.

საცხოვრებელი ჯერჯერობით იმ სამხედროებისთვის არის გათვალისწინებული, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ.

მიმდინარე წელს საქართველოში ათობით სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინებს

„ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რასაც მოჰყვება კიდევ სხვა ნაბიჯები. დღეს ვსაუბრობთ 700 სამხედროზე, მათ ოჯახებზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე იმავე, მსგავსი პროექტების გაკეთება სხვა სამხედროებისთვის, მომავალი ოფიცრებისთვის, დაახლოებით 2 ათასი ადამიანისთვის", – განაცხადა ბახტაძემ.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამხედროებს საკუთრებაში გადასცემს მიწას და მათ ამხანაგობის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

„ორ-სამ წელიწადში შესაძლებელი იქნება საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, საუბარია მაღალი რანგის 700 ოფიცერსა და სერჟანტზე", – განაცხადა იზორიამ.

სამხედროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით სახელმწიფომ ბინები გადასცა 1,7 ათას სამხედრო მოსამსახურეს.

საქართველოს თავდაცვის (შეიარაღებული) ძალების დაფუძნების დღედ 1991 წლის 30 აპრილი მიიჩნევა. ამ დღეს გაიმართა პირველი საგაზაფხულო გაწვევა ეროვნულ გვარდიაში, რომელიც შინაგან ჯარებში შედიოდა.