ფოტოებით მოთხრობილი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გაზაფხულის ბაღი

Sputnik

კეუკენჰოფი – ეს გახლავთ ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო, და ალბათ თუ სადმე შექმნილა ადამიანის ხელით სამოთხე დედამიწაზე, აქ პირველობას ეს ბაღი არავის დაუთმობს.

წარმოიდგინეთ 32 ჰექტარზე გაშენებული 7 მილიონი ტიტა, ნარგიზი, სუმბული, ყაზახა... კეუკენჰოფი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ფერებისა და სურნელის ზეიმი. ამ უშველებელ ტერიტორიაზე ყოველ ახალ მოსახვევში ახალი ემოცია გხვდებათ, უშველებელი ხეების ქვეშ განსხვავებულ არშიებად დაფენილი ტიტებისა და სხვა ბოლქვოვანი ყვავილების სახით.

თავად სიტყვა კეუკენჰოფი სამზარეულო ბაღს ნიშნავს და მისი ისტორია მე-15 საუკუნიდან იწყება, როცა ამ ტერიტორიაზე ჰოლანდიის ერთ-ერთი დიდგვაროვნის სასახლე მდებარეობდა. ბაღის კონცეფცია მე-16 საუკუნის ბოტანიკოსის, ჰოლანდიაში ტიტების კულტივაციის ფუძემდებლის კაროლუს კლუციუსის სახელთან არის დაკავშირებული. ბაღში წარმოდგენილია სწორედ ამ ბოტანიკოსის მიერ 4 საუკუნის წინ შექმნილი ჯიშები და ყველა ის ახალი ჯიში, რომელიც ჰოლანდიაში ამ 400 წლის განმავლობაში იქმნებოდა. თავდაპირველად, 1857 წელს ამ ტერიტორიაზე კლასიკური ინგლისური ბაღი გაშენდა. 1949 წელს კი 20-მდე ტიტების მწარმოებელმა გადაწყვიტა ბაღის ტერიტორია გამოეყენებენა თავისი პროდუქციის წარმოსაჩენად. მას შემდეგ ბაღი 60 მილიონზე მეტმა სტუმარმა მოინახულა.

1 / 20
ბაღი წლის განმავლობაში მხოლოდ 8 კვირით იხსნება ვიზიტორთათვის და ამ დროში მას ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან
2 / 20
ბაღში გაშენებული 7 მილიონი ტიტა, სუმბული, ყაზახა და ნარგიზი ჰოლანდიის 100-მდე ტიტების მწარმოებლის საჩუქარია ბაღისადმი
3 / 20
წელს ტიტების გამოფენა ბაღში 70-ედ ჩატარდა და მისი დევიზი იყო „ყვავილთა ძალაუფლება“
4 / 20
ყოველწლიურად ბაღში ყვავილთა ახალი თარგები და ახალი კომპოზიციები იქმნება, რომელზეც 40-მდე მებაღე მუშაობს.
5 / 20
ისინი შემოდგომაზე იწყებენ ბოლქვოვანების დარგვას გაზაფხულის სეზონისათვის, სხვათა შორის ხელით ხდება ეს პროცესი და დაახლოებით სამი თვე მიმდინარეობს. ახალი თარგებისათვის ჯიშები წინა წლის გამოფენის ყვავილობიდან ირჩევა
6 / 20
საოცრად მწვანე ბალახი, რომელიც კეუკენჰოფში ტიტების ირგვლივ ტერიტორიას ამშვენებს სპეციალურად ამ ბაღისათვის არის გამოყვანილი და ყოველწლიურად ხელახლა ითესება
7 / 20
გარდა ტიტებისა კეუკენჰოფის ბაღი მოიცავს იაპონურ ბაღს მთელი თავისი ატრიბუტიკით და რა თქმა უნდა ათეულობით მოყვავილე საკურას ხით.
8 / 20
ბაღში ასევე წარმოდგენილია კლასიკური ინგლისურ ლანდშაფტური ბაღის სტილი
9 / 20
ეს კი ფრანგული ბაღია თავისი მკაცრად მოხაზული კლუმბებითა სტატუეტებით
10 / 20
ბაღში ასევე განთავსებულია პავილიონები, სადაც ყოველწლიურად 30-მდე ყვავილის ახალ ჯიშებს წარმოადგენენ სელექციონერები
11 / 20
აქვეა ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტრადიციული ჰოლანდიური წისქვილი, რომლის ზედა მოაჯირიდანაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება ბაღის მომიჯნავე მხარეს ტურისტებისათვის
12 / 20
ეს გახლავთ ასეულობით აკრზე გადაჭიმული ბოლქვოვანი ყვავილებით ათასფერად დაზოლილი ველები. ბაღსა და ამ ველებს წყლის არხი ჰყოფს და ტურისტებს საშუალება აქვთ ასევე პატარა ნავებიდანაც დააკვირდნენ ამ საოცარ სანახაობას.
13 / 20
პავილიონში ბეატრისი წელს ასეულობით ორქიდეა იყო წარმოდგენილი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პავილიონის ყველა წერტილიდან პეპლებად მოფრინავდნენ მრავალფერი და მრავალი ფორმის ორქიდეა
14 / 20
პავილიონი ვილიემ ალექსანდერი - ეს გახლავთ ცენტრალური პავილიონი და იქ ტიტების ახალი ჯიშებია წარმოდგენილი
15 / 20
ისეთი ფერის და ფორმის ყვავილებია, რომ არ იცოდეთ რომ ტიტების პავილიონში ხართ, ვერც მიხვდებით რა ყვავილთან გაქვთ საქმე
16 / 20
აქვეა ჰორტენზიების, ბეგონიების, შროშანების, კალების ახალი ჯიშები და ეს მართლაც ძალიან თვალწარმტაცი სანახაობა.
17 / 20
შემდეგი გახლდათ პავილიონი ორეინჯ ნასაუ, სადაც ძირითად თემა ასაჭრელი ვარდების ახალი ჯიშები იყო
18 / 20
ამ პავილიონში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დიზაინერის მიერ 70-იანი წლების ჰიპური მოძრაობის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ფერის ვარდების კუთხეები
19 / 20
აქვე ვნახე ცისარტყელას ფერებით დაფერილი ვარდები და თავდაპირველად მოულოდნელობის რეაქცია მქონდა... მერე ფოთლებზე დავაკვირდი და მივხვდი რომ მხატვრის ნამუშევარი იყო.
20 / 20
ბოლო კი გახლდათ პავილიონი ჯულიანა ტულიპომანია - სწორედ ამ პავილიონში გახლავთ მოთხრობილი ჰოლანდიის ტიტების ქვეყნად ქცევის ისტორია