თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მეორე კლასის ცხრა მოსწავლე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს, იუწყება პირველი არხი.
მოზარდების მოწამვლის მიზეზი ჯერობით უცნობია. მოსწავლეები აცხადებენ, რომ სკოლაში სააღდგომო კვერცხები და პასკა მიირთვეს.
„17:00 საათზე ერთმა სასწრაფო მანქანამ ექვსი ბავშვი მოიყვანა, ცოტა ხნის შედეგ კი, მეორე სასწრაფო მანქანამ დამატებით კიდევ სამი. ყველა მათგანი ერთი კლასის მოსწავლეა. ამბობენ, რომ არაფერი უჭამიათ, გარდა შეღებილი კვერცხისა. ბავშვების მდგომარეობა არ არის რთული“, - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ჯემალ დუმბაძე.
ინტოქსიკაციის მიზეზებს სკოლის დირექტორიც ვერ ასახელებს.
„სკოლაში ბუფეტი არ არის. შესაბამისად, ბავშვებს ადგილზე არაფერი უყიდიათ. მათ სახლიდან წამოიღეს სააღდგომო კვერცხები და პასკა, თუმცა ვერც ამას დავაბრალებ, რადგან კლასში 25 ბავშვია და ყველამ მიირთვა. საავადმყოფოში ცხრა მოსწავლე აღმოჩნდა და მათგან ორს საერთოდ არ უჭამია სადღესასწაულო ნუგბარი“, - განაცხადა მე-18 სკოლის დირექტორმა, რუსუდან დავითაძემ.
მოზარდები ამ დროისთვის საავადმყოფოდან ექიმების დანიშნულებით გაწერეს.