ბრიუსელში კათოლიკურ ტაძარში ქართული ღვთისმსახურება აღევლინება

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემული კულტურული მემკვიდრეობსი ტაძარი XIX საუკუნისაა
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik.  კათოლიკურმა ეკლესიამ  ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას ბრიუსელში საკათედრო ტაძარი გადასცა, რომელშიც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე აღესრულება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია 2014 წელს შეიქმნა. საკათედრო ტაძარი, რომელიც  ეპარქიას უსასყიდლოდ 100 წლით გადაეცა,  XIX საუკუნეში აშენდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ამ დროისთვის ტაძრის გადაცემის შესახებ დოკუმენტაციები მზადდება და მალე ბრიუსელში საზეიმო ხელმოწერაც შედგება.  

ივანიშვილი სამების ტაძრის მოხატვას დააფინანსებს

 „ჩვენ მივმართეთ კათოლიკურ ეკლესიას, მათ აქვთ ეკლესიები, რომლებიც მრევლის ნაკლებობას განიცდის, იყო საეკლესიო საბჭო, მაგრამ უკვე ძალიან ხანდაზმული. ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას გადასცემოდა, ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, გვჭირდებოდა მისი ლოცვა-კურთხევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქაურმა მიტროპოლიტმა მეუფე ათენაგორასიმ", - განაცხადა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა.

ბრიუსელში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტაძრის შენახვის ხარჯები საკუთარ თავზე ეპარქიამ უნდა აიღოს. ტაძრის მასშტაბიდან გამომდინარე, იგი მცირე თანხა არ არის, ამიტომ ეპარქიას შემოწირულობების იმედი აქვს.

ბრიუსელში სააღდგომო ლიტურგია ახალ საკათედრო ტაძარში რამდენიმე საათს გაგრძელდა. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა აღავლინა. გალობა ქართულ ენაზე თბილისიდან ბელგიაში ჩასულმა სასულიერო პირებმა და ევროპაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა შეასრულეს.

 ბრიუსელში 2004 წლიდან თამარ მეფის სახელობის მცირე ზომის ტაძარი ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებისთვის საკვირაო სკოლაა გახსნილი.