თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა.
საპატიო წოდება მომღერალს აჭარის დედაქალაქში 28 აპრილს გამართულ „ბათუმობა 2019“–ის გალა–კონცერტზე მიანიჭეს. საღამო ნანი ბრეგვაძის გამოსვლით დასრულდა, რომელმაც საკუთარი რეპერტუარიდან სამი სიმღერა შეასრულა. ცნობილ მომღერალს ტიტული მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადასცა.
ბათუმელები ქალაქის დღეს - „ბათუმობას“ აღნიშნავენ>>>
„ეს ჩემთვის უძვირფასესი ქალაქია. დიდხანს მინდოდა, აქ მეცხოვრა. ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს ქალაქი ჩემთვის რჩება უსაყვარლეს ქალაქად. უზომო სითბოს მატარებელია ბათუმი და მადლობა აქაურ მსმენელს ასეთი სიყვარულისთვის, რომელსაც სულ ვგრძნობ. ამ ქალაქის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის არის უდიდესი სიმდიდრე“, – განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.
ბათუმში ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით გალა–კონცერტი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგნენ ცნობილი მუსიკოსები და კოლექტივები. მათ შორის ეკა მამალაძე, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, სტეფანე მღებრიშვილი, ნინა სუბლატი, ნოდიკო ტატიშვილი, ლაშა ღლონტი, Young Georgian Lolitaz–ი. გარდა ამისა, კონცერტში ასევე მონაწილეობდა აჭარის სახელმწიფო კაპელა, კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი და ე. მოქელაძის სახელობის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
„ბათუმობის“ დღესასწაული ადრე სექტემბერში იმართებოდა, თუმცა, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის დღე 28 აპრილი იქნება. დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატორი ბათუმის მერი ლაშა კომახიძეა, რომელმაც საკუთარ Facebook-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, თუ როდის არის უმჯობესი „ბათუმობის" აღნიშვნა – გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე? სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობამ პირველი ვარიანტი აირჩია.
წელს ბათუმელებმა ქალაქის 131-ე იუბილე იზეიმეს.