საქართველომ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში როტაცია განახორციელა

22-ე ბატალიონის წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს მედლებით დააჯილდოვეს
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია გაიმართა - III ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონმა სამშვიდობო მისია IV მექანიზებული ბრიგადის 22-ე ბატალიონისგან გადაიბარა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

III ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას შვიდი თვის განმავლობაში დაიცავს.

ცერემონიაზე 22-ე ბატალიონის წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს მედლებით დააჯილდოვეს. საავიაციო ბაზის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ პირადად გადაუხადა მადლობა ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროები სამშვიდობო მისიაში სანიმუშოდ მსახურობდნენ და „ქართველების გვერდით სამხედრო სამსახური საამაყოა“.

ქართველი სამხედროები ავღანეთში გადასროლისთვის სამშობლოში მოემზადებიან

ცერემონიას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არიან დისლოცირებული.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის, ქაბულისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე.