ბათუმს 13 დამეგობრებული ქალაქის დელეგაციები სტუმრობენ

ზუსტად 131 წლის წინ, 1888 წელს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „ბათუმობა-2019“-ში ათი ქვეყნის 13 დამეგობრებული ქალაქის დელეგაციები მონაწილეობენ, ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში 28 აპრილს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების 113 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ბათუმში იმყოფებიან მერები და ქალაქების წარმომადგენლები უკრაინიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ეგვიპტედან და აზერბაიჯანიდან.

ბათუმელები ქალაქის დღეს - „ბათუმობას“ აღნიშნავენ

დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა.

„გასულ წლებში ბათუმობა აღინიშნებოდა სექტემბერში, მაგრამ წელს 28 აპრილს ვზეიმობთ, რადგან 1888 წელს, სწორედ ამ დღეს, ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ტრადიციებით. 32 დამეგობრებულ, პარტნიორ ქალაქთან წლების განმავლობაში გვაკავშირებს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გასული წლის დეკემბერში ACES Europe-მ ბათუმს ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი მიანიჭა.

„ბათუმობასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები სასიამოვნო დროს გაატარებენ და დღევანდელი დღე მათთვის დასამახსოვრებელი იქნება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმი შეიძლება „ტურისტული ოსკარის" მფლობელი გახდეს >>

სტუმრების პატივსაცემად აჭარის მთავრობამ და ბათუმის ხელისუფლებამ ოფიციალური მიღება გამართა. წვეულების შემდეგ დელეგაციებმა თავიანთი ქალაქების ზონებს მიაშურეს. ბათუმის დამეგობრებული ქალაქების კუთხეები ბულვარის ტერიტორიაზე მოეწყო.

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული ღონისძიებები, კინოჩვენებები, ფოტოგამოფენები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. პატარებისთვის საბავშვო კუთხე მოეწყო.