არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცეს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატარიძე N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადასცა. ასევე, სააღდგომო ნობათი საქართველოს საპატრიარქოსგან N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა, ასევე N5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრებმა მიიღეს.

„დღეს არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მათ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადავეცით. თითოეულ თავისუფლებააღკვეთილ პირს მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, არასრულწლოვანი პატიმრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს. 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. ამასთანავე, დაწესებულებებში იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლიც მიაბრძანეს.

28 აპრილს მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.