მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა, ოქროყანაში ნერგები დარგო

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიის გამწვანება ადგილობრივების თხოვნით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, „სამოქალაქო მოძრაობის" წევრმა ლევან იოსელიანმა, ალექსანდრე ელისაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად, ოქროყანაში, სპორტულ მოედანთან ნერგები დარგო, ნათქვამია მაჟორიტარობის კანდიდატის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიის გამწვანება ადგილობრივების თხოვნით მოხდა.

„ჩვენი აქციის შესახებ, „პლაკატების ნაცვლად, გამწვანება" აქაურმა მაცხოვრებლებმაც შეიტყვეს და თავად დაგვიკავშირდნენ. ერთობლივი ძალებით, ხალისით და დიდი ენთუზიაზმით გავამწვანეთ ეს ტერიტორია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, ბავშვების ასეთი ჩართულობა. ინიციატივა გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „სამოქლაქო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წინასაარჩევნო კამპანიისას გუნდი არ დახარჯავს სახსრებს პლაკატების ბეჭდვაში და მათ გავრცელებაში. ეს თანხა სრულად მოხმარდება დედაქალაქის გამწვანებას.

მიმდინარე წლის 19 მაისს თბილისის მთაწმინდის რაიონში მცხოვრებლებს პარლამენტის დეპუტატის არჩევა მოუწევთ. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან. ამ ეტაპზე ცესკოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 18 პარტია და 8 საინიციატივო ჯგუფია რეგისტრირებული.

შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე გაერთიანდნენ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" და არასაპარლამენტო პარტია „თავისუფალი დემოკრატები", რომლებმაც დეპუტატობის ერთიანი კანდიდატი შალვა შავგულიძე დაასახელეს.

12 პარტიისგან შექმნილმა გაერთიანებამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", უარი განაცხადა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ცნობილი ექიმი ლადო კახაძეა.

საქართველოში ყველაზე ორიგინალურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩს" ჰერმან საბო წარადგენს.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს, ლევან იოსელიანის გარდა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა, უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა, ორთაბრძოლების ფედერაციის თავმჯდომარემ იოსებ კობერიძემ, ისტორიკოსმა გრიგოლ გოგელიამ, „ინტელექტუალური კლუბი მშვიდობა და მეგობრობის" პრეზიდენტმა ბესიკ ადამიამ, საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ და სამართლის დოქტორმა თამარ ალფაიძემ.