შრომის დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული აქცია აღდგომის გამო გადაიდო

საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან 1 მაისს გაიმართება
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. შრომის დაცვის საერთაშორისო დღე წელს აღდგომას დაემთხვა, ამიტომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გადატანა 1 მაისისთვის გადაწყვიტა, როდესაც გაზაფხულისა და შრომის დღე აღინიშნება.

„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან" – პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ >>

შრომის დაცვის მსოფლიო დღე, ანუ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელიც 2003 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO)  მიიღო, ყოველწლიურად ასზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც 28 აპრილს აღინიშნება. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ამ დღეს 2004 წლიდან ატარებს აქციებს ლოზუნგით: „ვილოცოთ დაღუპულებისთვის და ვიბრძოლოთ ცოცხლებისთვის!“

„ყოველ წელს 28 აპრილს ჩვენ აღვნიშნავთ შრომის დაცვის დღეს. მაგრამ წელს აღდგომასთან დაკავშირებით 1 მაისისთვის გადავიტანეთ“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

თბილისის მერი მშენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ასე რომ, მასშტაბური საპროტესტო აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან 1 მაისს გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნებია - შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა.

პეტრიაშვილის მტკიცებით, საქართველოში შრომის უსაფრთხოება დამსაქმებელთა სიხარბის გამო არ არის დაცული. „სიღარიბე საქართველოში - ყველაზე დიდი გამოწვევაა და დამსაქმებლები ამით სარგებლობენ“, - აღნიშნა მან.

უბედური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სამშენებლო სექტორში, რადგან ადამიანები ხშირად ჩაფხუტისა და დამცავი ღვედის გარეშე მუშაობენ და კუსტარულად აგებულ კონსტრუქციებს იყენებენ.

წლის დასაწყისიდან მშენებლობებზე დაიღუპა 10 მუშა, კიდევ 11 სერიოზულად დაშავდა. „ხოლო იმათი სტატისტიკა, ვინც ტრავმები მიიღო, სიკვდილი კი არასამუშაო საათებში დადგა, საერთოდ არ არსებობს“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

Energo-Pro Georgia საქართველოს ენერგეტიკოსების ბრალდებებს პასუხობს >>

საფრთხის დონის მიხედვით მეორე ადგილზეა მიწისქვეშა სამუშაოები, მეტალურგია და სამაშველო სამუშაოები.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექცია, რომელმაც საქართველოში 2018 წლის აგვისტოდან მუშაობა განაახლა, არაეფექტურია.

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებლები ვალდებულნი არიან თანამშრომლები უბედურ შემთხვევებზე დააზღვიონ.

რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2018 წელს 12,7% შეადგინა.