როგორ გადმოდის „ჭეშმარიტების ნათელი" ქრისტეს საფლავზე – თვითმხილველთა ნაამბობი

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე იერუსალიმში მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ჩადიან, გამონაკლისი არც ქართველები არიან.
Sputnik

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული — იერუსალიმში უფლის საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. წმინდა ცეცხლს „ჭეშმარიტების ნათელს" უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ, 1999 წლიდან კი მას სპეცრეისით ჩამოაბრძანებენ.

ალბათ ყველა მორწმუნე ქრისტიანი ოცნებობს აღდგომის დღესასწაულზე ფეხი დადგას წმინდა მიწაზე და ცეცხლის გარდამოსვლას დაესწროს. აღდგომის წინ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე იერუსალიმში მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ჩადიან, გამონაკლისი არც ქართველები არიან.

„Sputnik–საქართველო“ იმ ადამიანებს დაუკავშირდა, ვინც უფლის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას დაესწრო. მათ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაგვიზიარეს.

ქეთი ქოჩორაშვილი

„ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ აქ. 2008 წელს ვიყავი იერუსალიმში და იქ შევხვდით აღდგომას. პარასკევს გავიარეთ ვია დოლოროზა და საღამოს რამდენიმე ადამიანმა ჯგუფიდან გადავწყვიტეთ, რომ ღამე გაგვეთენებინა მაცხოვრის ტაძრის ახლოს, რათა მერე დილით ადვილად შევსულიყავით. მაგრამ ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, იქ ტერიტორიის უსაფრთხოების მიზნით ჯარისკაცები არეგულირებდნენ სიტუაციას. ზოგადად ჯობს ამ დროს ჯგუფთან ერთად იმოძრაოთ. მე გამიმართლა, მეგობარი შემხვდა შესასვლელთან გამთენიისას და მას აღმოაჩნდა ტაძარში შესასვლელი საშვი. თვითონაც არ მჯეროდა, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ ცეცხლის გადმოსვლის დროს ძალიან რთული იყო იქ მოხვედრა. ტაძარში უამრავი ხალხია, სხვადასხვა ეროვნების, კულტურის და ამიტომ ყველას თავისი რწმენა და შეხედულება აქვს. იქ ყველა ერთიანდება, ყველა სულგანაბული ელოდება ცეცხლის გამობრძანებას. სიჩუმეს არღვევს მართმადიდებელი არაბების ხმაურიანი შემოსვლა ტაძარში, საოცარი ენერგია და მუხტი შემოაქვთ და ამ დროს მომენტალურად ფხიზლდები. ცეცხლის გადმოსვლის დროს რამდენიმე წამს ყველა ჩუმდება და მერე მთელი ტაძარი ნათდება ანთებული სანთლებით. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანების რწმენით ანთებული თვალები იყო. რომ დავბრუნდი, ყველას ვუყვებოდი და ვურჩევდი, რომ აუცილებლად წასულიყვნენ და ენახათ ეს სასწაული“.

დარეჯან ხაზარაძე

„იერუსალიმი საოცრებათა ქალაქია. ალბათ მეც ჟურნალისტი უნდა ვიყო, რომ მისი ფერები გადმოგცეთ. დილით ადრევე იწყება ადამიანების შესვლა ტაძარში. ყველა შესასვლელი გადაჭედილია ხალხით და ჯარისკაცებით, რადგან აწესრიგებენ მიმოსვლას. ჯგუფურად მოდიან არაბები. მათი ხმაური მთელ ძველ ქალაქს ედება. მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება, თუ გაგიმართლა და აღდგომის ტაძარში ხვდები მაგ დროს, ისაა. მე გოლგოთიდან ვხედავდი ქვემოთ, მაცხოვრის საფლავთან რა ხდებოდა. ყველა თავის ენაზე ყვიროდა და ამ ათას ხმაში „ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!!!“ გარკვევით ისმოდა. იცით, ცეცხლი როგორ ვრცელდება? ჯერ ისმის საოცარი გრუხუნი და უცებ ციცინათელასავით გაიელვებს. როგორც ტალღა, ისე ნელ-ნელა ეხება ცეცხლი სანთლების ჯარს. ეს ხდება სადღაც პირველი საათიდან ორ საათამდე შუალედში. მერე გარეთ გაედინება და მთლიანად ძველი ქალაქი სანთლებიდან აბრიალებული ცეცხლით ივსება. ამის შემდეგ მიდის ცეცხლი ყველა ტაძარში. საერთოდ იერუსალიმზე შეიძლება ადამიანმა უსასრულოდ ილაპარაკოს, რადგან იქ ყოველი ქვა ისტორიის ნაწილია. და თუ ერთხელ მოხვდები ამ ქალაქში, მერწმუნე, უკან დაბრუნებისას აუცილებლად მოგანატრებს თავს

ამბობენ, ისრაელში თუ სამ საოცრებას – ცეცხლის გადმოსვლას, თაბორის მთაზე ვარდისფერ ღრუბელს და ნათლისღებაზე იორდანიის უკუსვლას ნახავ, ბედნიერი ყოფილხარო. ამ დროს უამრავი ადამიანია იქ. დაე, ყველას დანთებულ სანთელს მადლი ემოსოს და აესრულებინოს ის სურვილი, რასაც ყველა ჩვენგანი ჩაუთქვამს“.

აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

თამარ სიხარულიძე

„მე და ჩემი მეუღლე 1997 წლიდან 2003 წლამდე ვცხოვრობდით და ვმუშაობდით ქალაქ ხულონში და თითქმის ყოველ თვე მივდიოდით იერუსალიმში. აღდგომის დღესასწაულსაც არაერთხელ დავსწრებივართ იქ. ერთხელ, შაბათს, დღის ორ საათზე, როგორც იქნა, შევაღწიეთ უფლის სასუფეველთან. ამ დროს მოვიდა საბერძნეთის პატრიარქი, შევიდა მარტო სასუფეველში, სადაც უშველებელი ქვა დევს, და ამ ქვასთან იწყებს ლოცვას. ზეციდან პირდაპირ ამ ქვაზე მოდის მზის სხივი. ძალიან მზიანი ამინდი იყო, სულ მალე ცეცხლი გამოიტანეს, ეს იყო საოცრება, დაუჯერებელი. დამერწმუნეთ, ეს არის უძლეველი ძალა, რომელიც კოსმოსიდან მოდის. ამ დროს არაფრის გეშინია, სიკვდილიც რომ მოვიდეს, ამაყად დგახარ!“

ცისანა მაზმიშვილი

„ეს ისეთ ძლიერ ემოციებთან არის დაკავშირებული, რომ სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია. ეს თავად უნდა ნახოთ და განიცადოთ. ისეთი საოცარი გრძნობაა, რომ მიჭირს გადმოცემა. უფალმა ინებოს, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა დადგას ფეხი ამ წმინდა მიწაზე“...