ხელოვნური დაძაბულობა: პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანთან საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე

ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის საზღვრები უნდა დადგინდეს, რათა ხელოვნურ დაძაბულობას ადგილი აღარ ჰქონდეს, მიაჩნია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები საბოლოოდ უნდა დადგინდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ბრიფინგზე.

ინფორმაცია დავით-გარეჯში არსებულ ვითარებაზე მასმედიაში მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის (ონიანი) ინფორმაციაზე დაყრდნობით ხუთშაბათს გავრცელდა. მისი თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან სამი დღის წინ გადაადგილების ამკრძალავი ნიშნების დაყენება დაიწყეს.

რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საკითხში>>>

არქიმანდრიტმა ეს მოვლენები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა, რომ აუცილებელია საზღვრის სადავო მონაკვეთებზე რაც შეიძლება მალე შეთანხმება და დელიმიტაციის პროცესის დასრულება. ეს საკითხი მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს დასვა.

საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო უწყებებს შორის მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველი მომლოცველებისა და სასულიერო პირებისთვის დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გახსნეს.

„ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის საზღვრის დემილიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, – ციტირებს ლაშა ჟვანიას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საკითხი მოგვარებულია: აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის მონასტრისკენ გზა გახსნა

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება.

ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.