არღვევთ თუ არა უვიზო რეჟიმს? მობილური აპლიკაცია ევროკავშირში ყოფნას გააკონტროლებს

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და უფრო მიუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ>>>

უწყების ცნობით, ეს კიდევ უფრო შეამცირებს ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო შეღწევის რისკებს. აღნიშნული ინიციატივა შენგენის ზონის ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმა უკვე შეაფასეს დადებითად.

2015 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღებისას გადაეცემათ სპეციალური ბროშურა, სადაც დეტალურადაა აღწერილი უვიზო რეჟიმის წესები. 

მიგრანტებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დააყენეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სპეციალური მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეს ეხმარება აკონტროლოს ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზოდ რამდენი ხანი დაჰყო, რათა არ დაარღვიოს ქვეყანაში ყოფნის კანონიერება.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ.

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის“ მონაცემების თანახმად, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდნენ – სულ დაახლოებით 18 ათასი განცხადება შევიდა, რაც თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 3%-ია.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნა არ ღირს. იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, 13-მდე გაიზარდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ბოლო მონაცემებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.