ათი ბავშვის დედა თუ მოძალადე? ზუგდიდში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

დოკუმენტების მიხედვით, ათივე ბავშვი ზუგდიდში მცხოვრები უკრაინელი ქალბატონის შვილია, თუმცა 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ქალი, რომელიც აცხადებდა, რომ ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი ათი ბავშვის დედაა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბავშვები საქართველოში უკრაინის მოქალაქესთან იულია სუსლიაკთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და ისინი შვიდი თვიდან 10 წლამდე ასაკის არიან. 

ზუგდიდში 10 უცხოელი ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს

10 უცხოელი ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციით 20 აპრილს შეიყვანეს. სოციალურმა სამსახურმა ოთხი მოზარდი თბილისში გადაიყვანა, ოთხი ბავშვი სოციალური სამსახურის ქუთაისის სამსახურში იმყოფება, დანარჩენი ორი კი კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. დოკუმენტების თანახმად, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია, თუმცა 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა სამართალდამცველებს გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადამიანით ვაჭრობას – ტრეფიკინგს გულისხმობს.