სააღდგომოდ ციხეებს 19 პატიმარი დატოვებს

საქართველოში შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ხოლო შესაწყალებელ პირთა სიას მას აწვდის სახელმწიფო კომისია განსახილველი განცხადებების შესწავლის შემდეგ.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ზურაბიშვილი: გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა

გავრცელებული ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომელთა შორის ორი ქალია. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

შეწყალება ასევე შეეხო პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 23 პირს, მათგან ორი ქალია.

„21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებულია ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა", – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კომისიის წევრების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.