თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქართული დელეგაცია საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფორუმში „ერთი სარტყელი, ერთი გზა", ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონცეფცია „ერთი სარტყელი, ერთი გზა" ეს არის ჩინეთის საერთაშორისო ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზე, რომელიც ცენტრალური აზიის, ევროპისა და აფრიკის 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და რომლის მიზანიც ჩინეთსა და ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.
ქართული თაფლი ჩინეთში ექსპორტისთვის ემზადება>>>
ვიზიტის ფარგლებში მაია ცქიტიშვილი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის თემატურ ფორუმზე" სიტყვით გამოვიდა.
„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივას და აქტიურადაა ჩართული მის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც 2015 წლის მარტში პირველებმა მოაწერეს ხელი „აბრეშუმის გზის" ეკონომიკური სარტყელის განვითარების თანამშრომლობის შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ როგორც უპრეცედენტო მექანიზმს ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის", – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის სიტყვებით, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით 2018 წლის იანვარში ძალაში შევიდა ჩინეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
„მე ვამაყობ, რომ დღეს საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონში საქართველოს მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, ძლიერი საგარეო სავაჭრო ურთიერთობებით, ქვეყანა ისწრაფვის გახდეს უმოკლესი და უსაფრთხო მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის კუთხით.
ჩინეთში ვიზიტის დროს ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენი ხელს მოაწერენ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ".
მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო კომპანია „საპარტნიორო ფონდი" ფორუმის ფარგლებში ჩინეთის განვითარების ბანკთან ხელს მოაწერს შეთანხმებას საქართველოსთვის 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ. სესხის გაცემა სახელმწიფო გარანტიების წარდგენის გარეშე მოხდება და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებისკენ იქნება მიმართული.
რიგით მეორე ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა" პეკინში 25-27 აპრილს იმართება, რომელშიც მონაწილეობს 37 სახელმწიფო და სამთავრობო ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩათვლით. ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
ფორუმის პროგრამის თანახმად, 25 აპრილს დაგეგმილია 12 თემატური ფორუმი და კონფერენცია. გახსნის საზეიმო ცერემონია და მაღალი დონის შეხვედრები 26 აპრილს გაიმართება, 27 აპრილს კი ლიდერები საერთო სხდომაზე შეხვდებიან ერთმანეთს. ფორუმის ყველა ღონისძიების თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯომარე სი ძინპინი იქნება, რომელიც ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა და ასევე შეაჯამებს მის მუშაობას.
„ერთი სარტყელი, ერთი გზის" პირველი ფორუმი პეკინში 2017 წლის მაისში გაიმართა, რომელშიც 129 სახელმწიფო და მთავრობის მეთაური მონაწილეობდა.