თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ჭიაკოკონობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაახლოებით 30 ზარი შევიდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციული რიტუალია. საქართველოში მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონზე ხტებიან, მის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.
გუშინ საქართველოში ჭიაკოკონობა აღნიშნეს. მანამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოსახლეობას ჭიაკოკონობის დღესასწაულზე საბურავებისა და პლასტმასის მასალის დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ზარები მხოლოდ თბილისიდან შევიდა, რეგიონებიდან კი ზარები არ დაფიქსირებულა. ყველა შეტყობინება, ძირითადად, საბურავების დაწვის ფაქტებს უკავშირდებოდა.
დღეს ჭიაკოკონობაა: საბურავების დაწვისთვის დაჯარიმდებით>>>
„მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ჩაქრობაში ბავშვები ეხმარებოდნენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოცონის დასანთებად მოსახლეობა ზოგჯერ ავტომობილების საბურავებს, პლასტიკურ მასალებს, ფოთლებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
საქართველოში ნებისმიერი ტიპის ნარჩენების დაწვა ღია სივრცეში აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას 200-დან 500 ლარამდე ოდენობით.
ჭიაკოკონობის დღესასწაულზე, საბედნიეროდ, თბილისის დამწვრობის ცენტრში არავინ მოხვედრილა.