საქართველოში რიგით მეხუთე ეროვნული ტურისტული „ოსკარისთვის“ ემზადებიან

წელს პრემია Welcome to Georgia!-ს სტუმრებსა და მონაწილეებს ახალი ნომინაციები და ცერემონიის ახალი ფორმატი ელოდებათ.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. დაიწყო მომზადება ტურიზმის ეროვნული კონკურსის Welcome to Georgia! დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონიისთვის, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ღონისძიების მომზადების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა მიმდინარე წლის გეგმები, სამუშაო პროცესი, ნომინაციები, კრიტერიუმები, ფორმატი, და კიდევ ერთხელ შეჯამდა 2018 წლის შედეგები. ორგანიზატორების განცხადებით, წელს ღონისძიების სტუმრებსა და მონაწილეებს ახალი ნომინაციები და ცერემონიის ახალი ფორმატი ელოდებათ.

საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!–ს გამარჯვებულები დაასახელეს

ღონისძიების დეტალური პრეზენტაცია ივნისში გაიმართება.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! – ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს ყოველწლიური ეროვნული ჯილდოა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ პრემია Welcome to Georgia!-ს საინფორმაციო პარტნიორია.

პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „საქართველოს ბანკი“. ასევე პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორია „ალიანს ჯგუფი“.

გასულ წელს რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონიას 800-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, მსხვილი სასტუმროების გენერალური მენეჯერები და მფლობელები, ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზატორები, კაფეების, რესტორნების, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები.