თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი რეჟისორის დავით ტყებუჩავას დრამატული სერიალი „ცხრა სიცოცხლე" რუსულ ტელეარხებს იპყრობს.
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა მაშა ტროფიმოვაა, რომელიც ოცნებობდა გამხდარიყო მხატვარი, საყვარელ ადამიანთან ოჯახი შეექმნა და მშვიდ და ბედნიერ გარემოში ეცხოვრა.
იმისთვის, რომ მამა ციხისგან გადაერჩინა, მაშას საკუთარი ცხოვრების დაკავშირება მასზე უფროს, პირქუშ და კოჭლ მდიდართან მოუწია. მარია საშინელ გამოცდას გადის – იბრძვის სიცოცხლისთვის, შვილებისთვის, ქმრისთვის, ბედნიერებისთვის და აჩვენებს, თუ რა შეუძლია კუთხეში მიმწყვდეულ ქალს.
ფილმში მონაწილეობენ ზოია ბერბერი, ალექსანდრ სამოილენკო, ინგა ობოლდინა, ევგენია დობროვოლსკაია, ვალენტინ სმირნიტსკი, იური ნაზაროვი, იულია გალკინა და ა.შ. სერიალი ტელეარხ Россия-ზე 22 აპრილიდან გადის.
39 წლის კინორეჟისორმა დავით ტყებუჩავამ მ.ლიტოვჩინის სახელობის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ჰუმანიტარული ინსტიტუტის რეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა.
რეჟისორის ნამუშევრებს შორისაა „ტანგოს რიტმში" (2006), „მძევლები" (2010), „ჩემი დიდი ოჯახი" (2012), „ეშმაკზე ნადირობა" (2016) და სხვ.