„აქ რომ გეცხოვრა, ახლა სახლში იქნებოდი“: ქართველი მხატვრების ნამუშევრებს მოსკოვში ნახავენ

მოსკოვში გამართულ გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ათი ქართველი მხატვრის და თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრებს
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ათი ქართველი მხატვრის ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე „EXTENSION.GE: აქ რომ გეცხოვრა, ახლა სახლში იქნებოდი“, რომელსაც პარასკევს, 26 აპრილს რია ქებურიას ფონდთან ერთად წარმოადგენს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების გალერეა „ტრიუმფი“(Triumph Gallery).

ორგანიზატორების განცხადებით, „EXTENSION.GE: აქ რომ გეცხოვრა, ახლა სახლში იქნებოდი“ - პროექტ Extension-ის (გაფართოება) ფარგლებში რიგით მე-11 გამოფენაა. პროექტი გალერეაში 2016 წელს დაიწყო. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი გალერეა „ტრიუმფის“ საინფორმაციო პარტნიორია.

რა არის EXTENSION?

ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა ნიუ-იორკში ფურორი მოახდინა

პროექტ EXTENSION-ის ექსპოზიციები მნახველს აცნობს სხვადასხვა ქვეყნის (რუმინეთის, სამხრეთ კორეის, ირანის, ესტონეთის, ლატვიისა და ფინეთის) აქტუალური მხატვრული სცენის ნიშანდობლივ ფიგურებს, ასევე სთავაზობს ლექციებს და შეხვედრებს, რომლების ორგანიზებულია ინსტიტუციურ პარტნიორებთან ერთად. მოსკოვის შემდეგ პროექტის გამოფენები მიემგზავრება ტურში რუსეთის ქალაქებში.

„სხვადასხვა თაობის ათი თანამედროვე მხატვარი საქართველოდან, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მედია საშუალებასთან და იკვლევს სხვადასხვა თემებს, გაერთიანდა ერთობლივი გამოფენის ფარგლებში, რომლის მისიას რუსული მაყურებლისთვის სხვადასხვა ქვეყნის მხატვრული ტრადიციების უფრო ახლო გაცნობა წარმოადგენს“, - ნათქვამია გალერეის განცხადებაში.

რას ნახავენ მოსკოველები

დამთვალიერებელი იხილავს ისეთი ქართველი მხატვრების და საქართველოს თანამედროვე ხელოვნების არტისტების ნამუშევრებს, როგორიცაა ტატო ახალკაციშვილი, უტა ბექაია, თამარ კვესიტაძე, ლუკა ლაზარი, ლევან მინდიაშვილი, დარო სულაკაური, რუსუდან ხიზანიშვილი, ლევან ჭელიძე, ნინო ჩუბინიშვილი და გიორგი ჩხეიძე.

ქართველი რეჟისორის „ცხრა სიცოცხლე" რუსეთს იპყრობს

გამოფენის სტუმრები ნახავენ უტა ბექაიას ინსტალაციას „აქ - ასე შორს“, რომელიც 80-იანი წლების მხატვრის ბავშვობაზე მოგვითხრობს, დარო სულაკაურის გულისამაჩუყებელ ფოტოებს, რომელიც ქართულ ყოფას ასახავს, ასევე ლევან მინდიაშვილის ინსტალაციას, რომელმაც გამოფენას სახელწოდება მისცა. მხატვარი იყენებს სამშენებლო მასალებს და განათების თანამედროვე ელემენტებს, შედეგი კი ტრადიციულ ქართულ კედლის გობელენებს წააგავს.

„ნახატების ნაწილში ღრმა, ჩაფიქრებულ ტილოებს, ისეთი, როგორიცაა ლევან ჭელიძის „ლოცვა“, ენაცვლება რუსუდან ხიზანიშვილის აკრილის სიურეალისტური ნამუშევრები და ლუკა ლაზარის ჰიპნოზური „მოძრავი კადრები“. ასევე წარმოდგენილია სკულპტურა და ინსტალაცია: ტატო ახალკაციშვილის ჯადოსნური და თვითმყოფი ნამუშევარი „არასოდეს მკითხო რას ვაკეთებ სახლის სახურავზე”. ასევე ნინო ჩუბინიშვილის (ჩუბიკას) ინსტალაცია „მეხუთე ოთახი“, რომელშიც აბსტრაქტულ გარემოში ასახულია მრავალგანზომილებიანი მეოცნებე ურთიერთობების მომენტი“, - ნათქვამია გამოფენის ანონსში.

გამოფენა 23 მაისამდე იფუნქციონირებს. მისამართი - მოსკოვი, ილინკა, 3/8, შენობა 5. გალერეა მუშაობს ყოველდღე, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე. შესვლა თავისუფალია.

რია ქებურიას ფონდი

რია ქებურიას ფონდი 2018 წელს პოპულარულმა ქართველმა დიზაინერმა, მხატვარმა და კურატორმა რია ქებურიამ დააარსა. ორგანიზაცია ფოკუსირებულია თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ფონდის მთავარ მიზნებში შედის მხატვრების და მათი პროექტების მხარდაჭერა და წინსვლა საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე. რია ქებურიას ფონდი ასევე დაკავებულია საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნით, რომელიც ახალგაზრდა მხატვრებისთვის არის განკუთვნილი.

„აქ რომ გეცხოვრა, ახლა სახლში იქნებოდი“: ქართველი მხატვრების ნამუშევრებს მოსკოვში ნახავენ