ვნების შვიდეული: როგორ უნდა მოიქცნენ მართლმადიდებლები ამ პერიოდში

ვნების შვიდეული აღდგომის წინა კვირას ეწოდება და ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, მაცხოვრის ჯვარცმას და შემდეგ ქრისტეს აღდგომისთვის მზადებას ეძღვნება.
Sputnik

წელს ვნების შვიდეული 22 აპრილს იწყება და 27 აპრილს – დიდ შაბათს დასრულდება.

„Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა რა არის მორწმუნეთათვის ნებადართული და რა არა ვნების შვიდეულის პერიოდში.

როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები ვნების შვიდეულში

ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, დიდმარხვის პირველი კვირის მსგავსად, მორწმუნეები მკაცრად მარხულობენ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“ ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა.

ბზობა 2020: როგორ აღნიშნავენ საქართველოში მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას

ვნების შვიდეული დღეების მიხედვით

დიდი ორშაბათი

ვნების შვიდეულის პირველ დღეს – დიდ ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. უნაყოფო ლეღვი იმ ქრისტიანების სულის სიმბოლოა, რომელნიც სინანულის ნაყოფს არ ისხამენ. საეკლესიო სწავლების თანახმად, როდესაც უფალი ბეთანიიდან წამოვიდა, მოშივდა, ლეღვის ხე დაინახა, რომელიც გაფოთლილი იყო, თუმცა ახლოს მისულს ლეღვი უნაყოფო დახვდა. იესომ დაწყევლა უნაყოფო ლეღვის ხე. იესომ ხის შერისხვით აჩვენა, რომ ურწმუნო და უნაყოფო სულები ისეთივე მიუღებელია ღმერთისთვის, როგორც უნაყოფო ხე.

დიდ ორშაბათს მორწმუნეები მკაცრად მარხულობენ. ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმიდა ეკლესია ღვთისაგან განდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს.

როგორ დავთესოთ და გავახაროთ ჯეჯილი და სად წავიღოთ აღდგომის შემდეგ

დიდი სამშაბათი

დიდ სამშაბათს გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი – მოწყალებისკენ.

ეკლესიებში ღვთისმსახურების დროს იკითხება იგავი ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ, მეორედ მოსვლაზე და სამსჯავროზე.

ქალწულებს ზეთის მოგროვება ევალებათ, რათა სიძის მოსვლისას ზეთით სავსე ფიალები აანთონ – მხოლოდ რწმენა და ღვთის მოლოდინი ადამიანს ვერ გადაარჩენს, თუ უფლის მოსვლის ჟამისთვის ზეთი – კეთილი, სათნო საქმეები არ ექნება დაგროვებული. ამის გარეშე "სიძე იგი" არ მიიღებს ქალწულებს ქორწილში, გვასწავლის იგავი. ქორწილში სასუფეველი იგულისხმება, ქალწულებში კი ადამიანები.

ამ დღესაც მორწმუნეები მკაცრად მარხულობენ.

იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა – რას ურჩევს საქართველოს საელჩო მომლოცველებს

დიდი ოთხშაბათი

ვნების კვირის ოთხშაბათი დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს აღუთქვა დახმარება მის შეპყრობაში, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა.

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითიც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი – თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

ილია მეორე: „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს...“

დიდ ოთხშაბათს მორწმუნეთა განსწავლისათვის წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვაც იკითხება მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ. წმიდა მამა გვმოძღვრავს განსაკუთრებით მოვერიდოთ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის დამღუპველ ცოდვებს. მისი სწავლებით, ვნების თვისება არ არის, მინავლდეს შემდგომად ხორციელი დაკმაყოფილებისა, არამედ პირიქით, შემდგომად წადილის აღსრულებისა იგი უფრო მეტად მოიცავს ცოდვილი ადამიანის სულს.

დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..." დროს ვასრულებთ. პარასკევამდე ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები აღასრულებენ სენაკებში.

ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.

ამ დღესაც მორწმუნეები მკაცრად მარხულობენ.

რამდენდღიანი არდადეგები ექნებათ მოსწავლეებს სააღდგომოდ

დიდი ხუთშაბათი        

დიდ ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებენ. 

ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს.

საიდუმლო სერობის დაწყებამდე მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს ფეხები დაბანა, ნიშნად სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზეც მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფეხთბანის რიტუალს ატარებენ: მაცხოვრის მსგავსად მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს ბანს ფეხებს.

სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს.

ამ დღეს აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს დაადგინა. სერობაზე "რომელნი ქერუბიმთას" ნაცვლად იგალობება "სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე".

მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.

როდის არის აღდგომა 2019 წელს

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფვლით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

„თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც, ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებააა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხუთშაბათი ვნების შვიდეულის დღეა, ის ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა.

დიდი მარხვა 2019 – აკრძალული და დაშვებული საკვები

დიდი  პარასკევი

დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის გათავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა, რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა, ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, ღამის ორ საათზე აღევნილება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში მაცხოვარია ამოქარგული.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსახური აკმევს გარდამოხსნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, "მამაო ჩვენოს" გალობის შემდეგ კი ტროპარის "მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი" გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ჯვართამაღლებას ზეიმობს

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება – მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

სერობის შემდეგ, საღამოს შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. ღვთისმშობლის გოდებაც აღევლინოს.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი მხოლოდ პურსა და წყალს.

მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

დიდი შაბათი

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

ამ დღეს დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ მორწმუნეები ემზადებიან იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

ყოველი წლის დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის და ეს ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.