მსოფლიო დღეს

შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა: თვითმხილველის ვიდეო

სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გამნაღმველები სატვირთოში ნაპოვნი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ეკლესიასთან ახლოს, სადაც სატვირთო ავტომობილის განაღმვა მიმდინარეობდა, იუწყება საინფორმაციო სააგეტო „როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით. 

სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გამნაღმველები სატვირთოში ნაპოვნი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ. ავტომობილი იმ ეკლესიასთან იდგა, სადაც კვირას ტერაქტი მოხდა. 

კვირას, 21 აპრილს შრი-ლანკაზე აფეთქებების სერია მოხდა. აქედან ექვსი სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში, მეშვიდე - კუნძულის დასავლეთით და კიდევ ერთი კოლომბოს განაპირას საცხოვრებელ კომპლექსში. 

სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაზე: დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ბოლო მონაცემებით, რვა აფეთქების შედეგად დაღუპულია 290 ადამიანი, რომელთა შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, კორეის, ნიდერლანდების, აშშ-ის, თურქეთის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავდა დაახლოებით 500 ადამიანი.

ინდოეთში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, შრი-ლანკის პოლიციამ კვირას მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით უკვე დააკავა 24 ადამიანი. 

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.