ბულვარში „ბაიკების“ და ელექტრომობილების აკრძალვა გადავადდება? – აქცია კანცელარიასთან

ბათუმის საკრებულომ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების გადაადგილება აკრძალა.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების გადაადგილების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

რა საფრთხეებს შეიცავს ბათუმის ბულვარზე გასეირნება>>>

ბათუმის ბულვარზე, პარკსა და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება 1 მაისიდან იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 5 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, რომელიც ცვლილებების ინიციატორია, მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბულვარზე უსაფრთხოდ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარზე ელექტროტრანსპორტით გადაადგილების შედეგად არაერთი მოქალაქე დაშავდა.

სიკვდილი გზებზე – „შავი წერტილები" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ერთი წლით გადაიდოს, მანამდე კი მოძრაობის წესების დადგენას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ტრანსპორტი კრედიტით აქვთ შეძენილი, ამიტომ მათ სჭირდებათ დრო, რომ დაფარონ სესხი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ შემუშავებული აქვთ ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც ელექტროტრანსპორტის უსაფრთხოებას გაზრდის. კერძოდ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯემალ სურმანიძის თქმით, ისინი 1300 ერთეულ ტრანსპორტს 300-მდე შეამცირებენ, დაარეგულირებენ მოძრაობის დასაშვებ სიჩქარეს, ამოიღებენ ხმარებიდან ე.წ. „ბაიკებს", ასევე არ დასვამენ საჭესთან 18 წლამდე ასაკის ადამიანებს.

„აღნიშნული გეგმა შევიტანეთ ბათუმის მერიასა და საკრებულოში, თუმცა ჩვენ მოთხოვნებზე უარი მივიღეთ. ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. უბრალოდ, ჩვენი მეწარმეების უკან დგას ჩვენი ოჯახები, გვაქვს ბანკიდან გამოტანილი სესხები, რომლის დასაფარადაც ვითხოვთ ამ წესის ერთი სეზონით გვიან ამოქმედებას", – განაცხადა სურმანიძემ.

ბათუმის ძველ ბულვარში სახაშეები აღარ დარჩება>>>

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას და მათი პრობლემით დაინტერესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას აპირებენ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მთავრობის წევრებთან შეხვედრას მართავენ.

ბათუმის ბულვარი, რომელიც 1881 წელს დაარსდა, საზღვაო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ბულვარის სიგრძე დაახლოებით რვა კილომეტრია, პირობითად მას „ახალ" და „ძველ" ბულვარად ყოფენ.