ბურჯანაძე:  რა უნდოდა დღეს პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმებს?

ამ დროისთვის პანკისის ხეობაში, სადაც დღის პირველ ნახევარში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, შედარებით სიმშვიდეა.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. მე მჯერა პანკისის მოსახლეობის გონიერების, რადგან ჩვენი ხელისუფლების გონიერების იმედი არ მაქვს,  განაცხადა  ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ    პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

სოლიდარობა პანკისს: დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება>>>

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

პანკისელებთან მინისტრის შეხვედრა დასრულდა: ჰესის საკითხი გადაიდო

შსს–ს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელი და 12 ადგილობრივი მკვიდრი დაშავდა.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ პანკისის მოსახლეობა პროვოკაციებს არ აჰყვება.

„იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ პანკისის მოსახლეობა არცერთ პროვოკაციას არ აჰყვება... რა უნდოდა დღეს პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმებს? ჯერ ერთი, ახლა რატომ ვიწყებთ მოლაპარაკებებს? როგორ შეიძლება საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკო სპეცდანიშნულების რაზმის ენით, როგორ შეიძლება პანკისის ხეობაში გამოიყენო პლასტიკური ტყვიები და ცრემსადენი გაზი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, ისევე, როგორც  საქართველოს ნებისმიერ კუთხეს და ნებისმიერ მოქალაქეს, პანკისსა და ადგილობრივ მოსახლეობას  გაფრთხილება სჭირდება.

გიორგი გახარია: „შსს-ს ვერავინ ვერასდროს ვერ შეუზღუდავს არეალებს“>>>

„პანკისის მოსახლეობამ, იმ ადამიანებმა, ვინც ცდილობდა, იქ სიტუაცია დაეწყნარებინა, კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ისინი არიან ძალიან ღირსეული შვილები საქართველოსი, ძალიან ღირსეული ნაწილი ჩვენი მოსახლეობის,  ადამიანები, რომლებიც ძალიან უფრთხილდებიან თავის სამშობლოს და უფრთხილდებიან სიმშვიდეს“, -აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

პანკისის ხეობაში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი  ვითარებაა. შექმნილი ვითარების გამო დღეს  ადგილზე  ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.