მსოფლიო დღეს

„ყვითელჟილეტიანები" მოქმედებაში - არეულობა პარიზში და ათეულობით დაკავებული

„ყვითელჟილეტიანების“ მორიგი საპროტესტო აქცია, რომლის თავდაპირველი მოთხოვნა ბენზინზე ფასების შენარჩუნება იყო, კვლავ პოლიციასთან შეტაკებების ფონზე გაიმართა
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ „ყვითელჟილეტიანების“ მორიგი საპროტესტო აქციის დროს პარიზში 189 ადამიანი დააკავა, იუწყება РИА Новости ტელეარხ BFMTV-ზე დაყრდნობით.

აქედან 122 ადამიანი დაპატიმრებულია. ეს არის პრეფექტურის მონაცემები ადგილობრივი დროით16:30 საათისთვის.

ადრე იუწყებოდნენ, რომ აქციებში 9600 ადამიანი მონაწილეობს, აქედან 6700 - პარიზში.

მომიტინგეებმა პარიზში რამდენიმე ხმოვანი ყუმბარა ააფეთქეს. გარდა ამისა, შავებში ჩაცმული ხულიგნები, ე.წ. მოძრაობა „შავი ბლოკის“ მომხრეები, ჟულ ფერის ბულვარის რაიონში მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ.

პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო, როდესაც მანიფესტანტების კოლონა ეკონომიკის სამინისტროდან რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართა. ნიღბიანმა ხულიგნებმა სამართალდამცველებს ესროლეს ბოთლები, რომელიც ეკსკრემენტების სუნის მქონე ნივთიერებით იყო სავსე. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირით უპასუხეს.

„ყვითელჟილეტიანების“ საპროტესტო აქციები, რომლებზეც სხვა ყველაფერთან ერთად, ბენზინის ფასის მომატებას აპროტესტებენ, საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. საფრანგეთის ხელისუფლების სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილო მოძრაობის მონაწილეები ქუჩაში გასვლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ, მიუხედავად მთავრობის მიერ გამოცხადებული ზომების ვითარების დასაწყნარებლად. ხშირად საპროტესტო აქციებს თან ახლავს არეულობები და დემონსტრანტების შეტაკებები პოლიციასთან.

ეს უკვე პროტესტის 23-ე კვირაა. საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილია რამდენიმე მანიფესტაცია. ხელისუფლებამ კვლავ აკრძალა აქციების გამართვა ელისეის მინდვრებზე და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რაიონში.