ვისი შვილები არიან ზუგდიდში მოწამლული ბავშვები და ჰქონდა თუ არა ადგილი ტრეფიკინგს

დოკუმენტების მიხედვით, ათივე ბავშვი ზუგდიდში მცხოვრები უკრაინელი ქალბატონის შვილია, თუმცა 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი ათი ბავშვის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბავშვები საქართველოში უკრაინის მოქალაქესთან, იულია სუსლიაკთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და ისინი შვიდი თვიდან 10 წლამდე ასაკის არიან.

ზუგდიდში 10 უცხოელი ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. არსებული ინფორმაციით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია, თუმცა 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა სამართალდამცველებს გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადამიანით ვაჭრობას – ტრეფიკინგის გულისხმობს.

ტრეფიკინგის ბრალდებას უარყოფს მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვების მამაა.

„ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ, სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში უკვე 10 დღეა, რაც იმყოფება. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ აფხაზეთში ჩავიდე,“ - განაცხადა უკრაინის მოქალაქემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს მეზობლებმა, რომლებმაც ბავშვების ტირილის ხმა გაიგეს. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციით შეიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.