ახალ გაშენებულ ბაღებში ათობით ათას ტონა ხილის მოსავალს ელოდებიან

სამი წლის განმავლობაში ქართველმა ფერმერებმა ახალი ბაღები 7 ათასი ჰექტარის ფართობზე გააშენეს
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ დახმარებით ფერმერების მიერ გაშენებული ბაღები 2020 წლისთვის 16 ათას ტონა ხილის მოსავალს მოგვცემს, განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, პაატა შეყელაძემ პირველი არხის ეთერში.

პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია და ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისათვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან ითვალისწინებს.

არის თუ არა ქართულ ხილ-ბოსტნეულში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

„ეს მხოლოდ დასაწყისია. აგრობიზნესი რთულია. ისე არ ხდება, რომ თანხა დღეს ჩადო და ხვალ გარკვეული შემოსავალი მიიღო. ამას გარკვეული დრო სჭირდება განვითარებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით გაშენებულ ბაღებში, რომლის საერთო ფართობიც დაახლოებით 7 ათას ჰექტარს შეადგენს, 2020 წლისთვის 16 ათას ტონა მოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი, 2025 წლისთვის კი, მოსავლის მოცულობა 65 ათას ტონას მიაღწევს“, – განმარტა შეყელაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო გაწეული დახმარების შედეგებს უკვე იღებს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2011 წელს დააარსდა. დღეისათვის ის 11 პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა, აგრომრეწველობის ხელშეწყობის პროგრამა, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „ახალგაზრდა მეწარმე“ და „აგროკრედიტი“.

საქართველო ვაშლის ჩიფსების ექსპორტს ჩინეთში განახორციელებს >>

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში უკვე გაიხსნა 190 ახალი საწარმო, გადაიარაღდა - 911, 17000-მა ბენეფიციარმა 38 ათასი კრედიტი მიიღო და 10000 ადამიანი დასაქმდა.