პასექი 2019: ისტორია და ადათ–წესები

პასექი იუდეველების ერთ–ერთი უძველესი დღესასწაულია. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა 400-წლიანი მონობიდან. ეს მოვლენა ებრაელი ხალხის ისტორიის დასაწყისად მიიჩნევა.
Sputnik

როდის არის პასექი 2019 წელს

პასექის ზეიმი ყოველწლიურად ებრაული მთვარის კალენდრის მიხედვით ნისანის თვის 14 რიცხვში იწყება. ისრაელში პასექს 7 დღე ზეიმობენ, ხოლო სხვა ქვეყნებში ამ დღესასწაულს 8 დღე აღნიშნავენ.

გრიგორიანულ კალენდარში დღესასწაულის თარიღი ყოველ წელს სხვადასხვაა და ცალკე გამოითვლება. 2019 წელს ებრალები პასექს 19 აპრილს, მზის ჩასვლისას შეხვდებიან და მას 27 აპრილამდე იზეიმებენ.

პასექი 2019: ისტორია და ადათ–წესები

რა არის პასექი

სიტყვა „პასექი“ მომდინარეობს ებრაულიდან და ნიშნავს გვერდის ავლას. ის მიუთითებს იმ დროზე, როცა ღმერთმა ეგვიპტეში ყველა ყრმა დახოცა, ებრაელებს კი თავიდან აარიდა ეს უბედურება.

როგორც ძველი აღთქმის წიგნი გამოსვლა მოგვითხრობს, ეგვიპტეში საშინლად იჩაგრებოდა ებრაელი ხალხი. უფალმა მათ გასათავისუფლებლად მრავალი ნიშანი და ათი სენი მოუვლინა ეგვიპტეს. მაგრამ ფარაონს სასტიკი გული ჰქონდა. მაშინ უფალმა ეგვიპტელებს მოუვლინა ღვთის რისხვა - პირველშობილთა მოკვდინება. ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ, სახლის შესასვლელ კარზე ნიშანი დაედოთ ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე კარს სიკვდილის ანგელოზი გვერდს აუვლიდა და სენი მათ არ შეეხებოდა. ასეთი განსასჯელისგან თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელებს ნება დართო ეგვიპტიდან წასულიყვნენ. გათავისუფლებული ებრაელები ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უსაფუარო ცომისგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად წაიღეს. ამიტომ პასექის დღეებში, როდესაც იხსენიებენ პირველშობილ ყრმათა ხსნას, მონობისგან გათავისუფლებასა და ეგვიპტიდან გამოსვლას, არ ჭამენ აფუებულ პურს.

სწორედ ამიტომ არის ამ დღესასწაულის უშუალო სიმბოლო და აუცილებელი ატრიბუტი უფუარი პურის კვერი – ხმიადი, რომელსაც მაცა ეწოდება.

გადმოცემის თანახმად, ღმერთმა ებრაელებს დაავალა, ხსომებოდათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და ყოველ წელს აღენიშნათ.

პასექი 2019: ისტორია და ადათ–წესები

დღესასწაულის აღნიშვნის ისტორია

პასექი ძვ.წ.აღ. 1513 წლიდან ღვთის მიერ ისრაელების ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების აღსანიშნავად იმართება.

არის მოსაზრება, რომ პასექში მესაქონლეებისა და მიწათმოქმედების ორი უძველესი დღესასწაულია გაერთიანებული, თუმცა ბიბლიურ დროს ის ებრაელების ეგვიპტელების მონობიდან გათავისუფლებასთან გახდა ასოცირებული.

პასექის დღესასწაული დადგენილი წესით აღინიშნება, რომელიც აღწერილია ხუთწიგნეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ პასექის რიტუალი ბიბლიის გარდა აღწერილია ძვ.წ.აღ. V საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსებში, ე.წ. არამეულ პაპირუსებში; ჰეროდეს პერიოდის ფლავიუსის და ფილონის ხელნაწერებში.

ბიბლიურ დროში პასექის აღნიშვნას თან ახლდა ტაძრების მოლოცვა, მსხვერპლშეწირვა და ნადიმი, რომელზეც ებრაელები მსხვერპლად შეწირულ ცხვარს მიირთმევდნენ.

პასექის დღესასწაულის პირველი და მეშვიდე დღე უქმეა, იკითხება ლოცვები, მზადდება სადღესასწაულო კერძები.

ადათ-წესები

ნისანის (ებრაული კალენდრის მეშვიდე ან მერვე თვე - რედ.) 10 რიცხვში ბატკანი ან კრავი საგანგებოდ უნდა გადაირჩეს, 14-ში უნდა დაიკლას, შეიწვას და უნდა მიირთვან 15-ში საღამოს. ამასთან მომზადებული უნდა იყოს უფუარი ხმიადები – მაცა და მწარე მწვანილი მარორი. გამთენიისას საჭმლის ნარჩენები უნდა დაიწვას. ეს არის მსხვერპლშეწირვა.

პასექის მთავარი თავისებურება მაინც უფუარი პურია (მაცა), რასაც ებრაელები ამ დღესასწაულზე მიირთმევენ. მათ მთელი კვირის განმავლობაში არა თუ ეკრძალებათ აფუებული პურის მიღება, არამედ არ არის ნებადართული მისი სახლში შენახვაც კი.