ალბათ, პოლიტიკური პარტიები და მედია კიდევ ერთი-ორი კვირა იმსჯელებენ, რამ გამოიწვია ფაქტობრივად უცნობი და მუდმივად შვებულებაში მყოფი მინისტრის, ქობულიას წასვლა თანამდებობიდან. მართალია, ნაციონალი რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ მან „ბიძინა ივანიშვილის ყველა დავალება არ შეასრულა" და სადღაც „გზაზე წინ გადაურბინა", მაგრამ ძირძველი ოცნების წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი გვარწმუნებს, ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არაა, ვინმე განსხვავებული მოსაზრების გამო დევნოსო, აგერ ვარ ცოცხალი მაგალითიო.
ასეა თუ ისე, ქობულია გადაყენებულია და ჯერ არ ვიცით, იტყვის თუ არა წასვლის რეალური მიზეზის გამო რაიმეს. რაც შეეხება მის მემკვიდრე ნათია თურნავას, პოზიტიურია ის, რომ კიდევ ერთი ქალი შეემატა მთავრობას. მართალია, შევარდნაძის დროსაც მინისტრის მოადგილე იყო და სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც, მაგრამ ეხლა ჟურნალისტები ამტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილთან გამოძებნა საერთო ენაო. ყველა შემთხვევაში კარგია, როცა პოსტზე პროფესიონალი საჯარო მოხელე ინიშნება. აქვე სარწმუნო წყაროები ამტკიცებენ, რომ ბახტაძის მთავრობაში ცვლილებები ამით არ დასრულდება.
თავის ცნობილ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, რომ კითხვები კიდევ რამდენიმე მინისტრთან არსებობს, ერთ-ერთი კი ქალბატონია...
ქალბატონებს მედია დიდი ხანია, უტრიალებს
მამუკა ბახტაძესთან ღია კონფლიქტი აქვს იუსტიციის მინისტრს. თუმცა რადგან თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია, მისი წასვლა ნაკლებად სავარაუდოა. აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის მტკიცებით, წულუკიანს საფრანგეთში საქართველოს ელჩად გაამწესებას უპირებენ.
ასევე გაიჟღერა ქეთევან ციხელაშვილისა და მაია ცქიტიშვილის სახელებმა. ძალიან საეჭვოა, ციხელაშვილის მიმართ რაიმე კითხვები არსებობდეს, რადგან აფხაზეთის დაბრუნებას მას არ სთხოვენ და მისი სამინისტრო ერთი დეპუტატის ბიუროსხელაა.
რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, დიახ, ის უზარმაზარი მონსტრი და ფულიანი სამინისტროს ხელმძღვანელი გახლავთ და ამავე დროს ამ სამინისტროს ბევრი პროექტიც ჩავარდა, მაგრამ დიდი ხანია, ისიც ქვეყნის პირველი პირის ნდობით სარგებლობს და ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე შეშლოდა...
სტრუქტურული ცვლილებები
მთავარი სიახლე, რაც მაისში იგეგმება, მთავრობის სტრუქტურის კიდევ ერთი ცვლილებაა. საუბარია იმაზე, რომ კვლავ გაიყოფა იუსტიციისა და სასჯელსღსრულების სამინისტროები, ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროები.
შესაძლოა, ამ ცვლილებებმა კიდევ რამდენიმე თვეც გასტანოს, მაგრამ ამ თემებზე რომ მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს, უკვე არაერთხელ დაადასტურეს მინისტრებმა. გახსოვთ, ალბათ, ისიც, რომ პარლამენტის ერთ-ერთმა სპიკერმა გია ვოლსკიმ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაყოფაზე დისკუსია დაასახელა ბახტაძესა და წულუკიანს შორის დებატების მთავარ საგნად.
პური და სანახაობა
როგორც არ უნდა იყოს, ხალხს მთავრობაში სახელებისა და გვარების შეცვლაზე მეტად პურის ფასი აინტერესებს, მაგრამ აქაც სასიამოვნო პროგნოზი უნდა შემოგთავაზოთ. რადგან 2019 საარჩევნო წელია, 2020 კი - ფაქტობრივად, გადამწყვეტი, რადგან მთავრობაც და პარლამენტიც უნდა შეიცვალოს, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, ხალხს ცხოვრება შეუმსუბუქოს. მეორე საკითხია, როგორ გამოვა ეს ამბავი. ასე რომ, მომავალ წლებში იმედია, არც პური დაგვაკლდება და არც სანახაობა, თუმცა „შერეკილების" გმირ ტრიფონიასავით მართლაც რთული გასაგები გახდა, ეს ქობალია ვინღა იყო და რა უნდოდა საქართველოს მთავრობაში...