თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოში საგანმანათლებლო სექტორის ბიუჯეტი 2022 წელს 3,4 მილიარდი ლარი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.
„რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ ეტაპობრივად გავზრდით ბიუჯეტს განათლების სექტორში, რომლის მიხედვითაც ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ბიუჯეტის მეოთხედს. ეს თანხა 2022 წელს იქნება 3,4 მილიარდი ლარი“, – განაცხადა პრემიერმა.
ბახტაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად და როგორ ასწავლიან ეროვნულ პოლიფონიასა და საგალობლებს.
„20 სკოლაა უკვე გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას, საგალობელს და დამატებით კიდევ ექვსი სკოლა გაიხსნება. ეს იყო ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს. ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, საქართველოში ყველგან ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს, იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ის ტრადიციულ ქრისტიანულ, ფასეულობათა ტრადიციული სისტემის მქონე ოჯახში გაიზარდა. ის ყოველთვის ხელმძღვანელობდა მთავარი პრინციპით, რომელზეც ყველა დროის ერთ–ერთმა დიდმა ქართველმა, ილია ჭავჭავაძემ მშვენივრად ბრძანა.
„აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“, რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ საგანძურს, მას ვერ ექნება მომავალი. ისევე, როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე და მომავალზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც მე და ჩემი თანაგუნდელები ვხელმძღვანელობთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.