თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ავტომაგისტრალი „ყაზბეგი-ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ჯერ კიდევ დაკეტილია, რადგან ზვავსაშიშროების გამო სპეცტექნიკა თოვლისგან გზას სრულყოფილად ვერ წმენდს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზამთარში რომ პრობლემები იქმნება, სიახლე არ არის. მძღოლებს, განსაკუთრებით, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს რამდენიმე დღე უწევთ გაჩერება ამინდის გაუმჯობესების მოლოდინში.
ამჯერად ეს გზა ყურადღების ცენტრში იმის გამო აღმოჩნდა, რომ გუშინ ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვამდე იქ რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის, სამგზავრო ავტობუსი ჩარჩა. მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთი მისაბმელიანი ავტომობილი მოცურდა და სავალი ნაწილი გადაკეტა.
საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის დახმარებით შესაძლებელი გახდა თოვლის ტყვეობიდან ხალხის დახსნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ღამით ისინი თბილისში ჩამოიყვანეს.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ოთხშაბათს ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა იყო.