ვენის შემდეგ ბუდაპეშტი: ქართული ბიბლიოთეკები მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქალაქში ჩნდება

ბუდაპეშტში ქართული ბიბლიოთეკა 1,5 ათასი წიგნისგან შედგება, რომლებიც უნგრელ ქართველოლოგს მარტონ იშტვანოვიჩს ეკუთვნოდა.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა, ნათქვამია უნგრეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ღონისძიება, რომელიც 15 აპრილს გაიმართა, ქართული ენის დღეს მიეძღვნა. გარდა ამისა, უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა".

ქართული ბიბლიოთეკის კოლექცია, რომელიც იშტვანოვიჩმა უნივერსიტეტს უანდერძა, 1,5 ათასი წიგნისგან შედგება. ბიბლიოთეკის შესასვლელში უნგრელი ქართველოლოგის პატივსაცემად მემორიალური დაფა დაამონტაჟეს.

ვენის შემდეგ ბუდაპეშტი: ქართული ბიბლიოთეკები მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქალაქში ჩნდება

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნგრეთში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის რექტორმა ლასლო ბორჰიმ, ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გაბორ შონკოიმ და ქართული ენის კურსის ხელმძღვანელმა ბენედეკ ჟიგმონდმა. მათ ისაუბრეს ქართულ-უნგრულ ლიტერატურულ კავშირებზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობასა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის წვლილზე.

თბილისის ბიბლიოთეკები ახალ სიცოცხლეს შეიძენენ

საქართველოს ელჩმა უნგრელი ქართველოლოგის ქალიშვილს ესტერ იშტვანოვიჩს გადასცა საელჩოს მედალი "საქართველოს მეგობარი".

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკური, კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები და ჟურნალისტები. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა მიღება, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულო და ღვინო.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 40 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები მოეწყო, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა. ქართულ ენას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში არამეული და ბერძნული დამწერლობის ზეგავლენის შედეგად გაჩნდა.

ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.

ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება" 476 წლით თარიღდება.