საპროტესტო აქცია პარლამენტთან: რას მოითხოვენ დეპუტატები „ქართული ოცნებისგან“

ქუჩაში გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ხელისუფლებას სასამართლოებში კლანური მმართველობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და პარტია „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ და თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებას მოითხოვენ.

საქართველოში „სასამართლო სკანდალი“ სრულდება? – ვენეციის კომისიის ხმაურიანი დასკვნა>>>

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც შემდეგ მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ. მომიტინგეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები ქართული და ინგლისური წარწერებით: „არ არის მართლმსაჯულება – არ არის მშვიდობა", „კლანი უნდა წავიდეს".

ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ დღეს საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან ჩინჩალაძის მეთაურობით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შეკვეთებს ასრულებს. ხელისუფლება ამას კატეგორიულად უარყოფს.

„ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ ან დაანებოს თავი სასამართლოს, ან წავიდეს ხელისუფლება", – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ.

აქციის პარალელურად პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესწორებების პროექტის ხმაურიანი განხილვა მიმდინარეობს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტი შეისწავლა და მასზე თავისი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

სასამართლო რეფორმის მოლოდინში

საქართველოში მოსამართლეების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს. ამან გამოიწვია სწორედ სასამართლო სკანდალის პროვოცირება, რომლის შედეგად რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის სასამართლო რეფორმის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება" დემონსტრაციულად დატოვა.

სასამართლოს რეფორმის მოლოდინში

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2018 წლის მიწურულს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეთა კანდიდატების სია მათი ბიოგრაფიებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მოითხოვა დაჩქარებული წესით სიის დამტკიცება, რადგან უზენაეს სასამართლოს კატასტროფულად აკლია მოსამართლეები.

ამ სიაში აღმოჩნდნენ ლევან ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.

ამის შემდეგ პარლამენტმა ჩააგდო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ორი – პარტია „ევროპული საქართველოსა" და საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტები.