თბილისში მტკვრის პირას გიგანტური პარკი გაშენდება

თბილისში 15 ჰექტარი ფართობის პარკი 2020 წლის ბოლომდე გაშენდება.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. დასრულდა დიღმის ჭალებში პარკის პროექტირება – უახლოეს მომავალში მის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური პარკის მოწყობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იგეგმება. პარკის ტერიტორია 15 ჰექტარს დაიკავებს და გახდება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა.

თბილისში მტკვრის პირას გიგანტური პარკი გაშენდება

დიღმის ჭალებში მოეწყობა მტკვრის სანაპიროსკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკები და სწორედ ეს იქნება პარკის უნიკალურობა – თბილისში ჯერჯერობით არ არის არც ერთი ადგილი, სადაც მტკვრის ნაპირზე შეიძლება სეირნობა.

„დიღმის ჭალების პარკი იქნება პირველი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც აღადგენს ადამიანების კავშირს მდინარესთან", – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში მტკვრის პირას გიგანტური პარკი გაშენდება

პარკში განთავსდება სხვადასხვა ზონა, მათ შორის ბავშვებისთვის, სპორტული მოედნები. პროექტის ფარგლებში იგეგმება დასვენებისა და პიკნიკის ადგილების მოწყობა. პარკში ასევე ააშენებენ მრავალფუნქციურ შენობას, სადაც განთავსდება მედიათეკა, კაფე და ამფითეატრი.

პარკის ცენტრალურ ნაწილში გაჩნდება ხელოვნური ტბა, ასევე იგეგმება 750 ხის დარგვა.

პარკის მოწყობის დასრულება დიღმის ჭალებში 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.