საქართველოში „სასამართლო სკანდალი“ სრულდება? – ვენეციის კომისიის ხმაურიანი დასკვნა

ვენეციის კომისიამ შეისწავლა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ და თავისი მოსაზრება გამოთქვა.
Sputnik

ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოს მმართველი პარტიის შესწორებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ და რეკომენდაციები გასცა.

სასამართლო რეფორმის ბედი: საქართველოში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან>>>

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მარტში პირველი მოსმენით იქნა მიღებული. მეორე მოსმენით შესწორებების განხილვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე გადაიდო.

პარლამენტმა მოსამართლეთა შესახებ „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებებს დაუჭირა მხარი

„ჩემი პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი უნდა გავითვალისწინოთ. მიმაჩნია, რომ შეიძლება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომლებიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ვენეციის კომისია, ოფიციალურად – „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ არის საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ორგანო, რომელიც 1990 წელს ევროპის საბჭოსთან შეიქმნა. კომისია საკონსტიტუციო სამართალთან დაკავშირებულ კანონებს აანალიზებს.

კომისიის დასკვნებს, როგორც დემოკრატიის სფეროში ევროპული სტანდარტების ამსახველ დებულებებს, ფართოდ იყენებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

სასამართლო სკანდალი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები მმართველ პარტიაში სერიოზული უთანხმოების მიზეზად იქცა.

მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“, სასამართლოებს სრული თავისუფლება მისცეს?

2018 წლის მიწურულს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეთა კანდიდატების სია მათი ბიოგრაფიებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მოითხოვა დაჩქარებული წესით სიის დამტკიცება, რადგან უზენაეს სასამართლოს კატასტროფულად აკლია მოსამართლეები. უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 28 ადგილიდან 18 ვაკანტურია.

სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაირკვა, რომ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.

ქართული პოლიტიკური გოგლიმოგლი და მოსამართლის გაცვეთილი მანტია...>>>

ამან მმართველი პარტია განხეთქილებამდე მიიყვანა, ხოლო საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დათმობაზე წავიდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების პირობა დადო, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა. კანონპროექტზე მუშაობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შესწორებები ცალკე შეიმუშავა საპარლამენტო ოპოზიციამ და დეპუტატმა ეკა ბესელიამ თავის თანამოაზრეებთან ერთად. ორივე კანონპროექტი ჩავარდა და ბესელიამ, რომელიც ქვეყანაში ბოლო სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო, პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნება“ დატოვა. მის მაგალითს შვიდმა დეპუტატმა მიბაძა.

ვენეციის კომისიის შენიშვნები

შესწორებების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა უნდა განხორციელდეს ხუთ ეტაპად, აქედან ოთხი ეტაპი – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით პარლამენტმა და იუსტიციის საბჭომ გამოსავალი იპოვეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად განცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია, მოქმედ მოსამართლეებს არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით, რომელთა სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ არის გასული. ასევე კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას და იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები გახდებიან, შერჩევის პროცესში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

რაც შეეხება შენიშვნებს, ვენეციის კომისია გამოდის რეკომენდაციით, კანდიდატებისთვის დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი და მეტი აქცენტი გაკეთდეს სამუშაო გამოცდილებაზე. ასევე კანდიდატების შეფასებისას პრიორიტეტი მიენიჭოს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად განსჯის უნარი.

დიდი პრემიერის მოლოდინში, ანუ პოლიტიკური დასის ხიბლი და სიღარიბე...>>>

კომისია არ ეთანხმება სასამართლო სისტემის სპეციალისტებისთვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მოთხოვნას. ვენეციის კომისიის აზრით, ეს ეწინააღმდეგება ძირითად იდეას, რომლის თანახმადაც სასამართლო სისტემის ყველა სპეციალისტს შეუძლია გახდეს კანდიდატი.

ვენეციის კომისიას არ მოსწონს ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარების იდეა კანდიდატების შერჩევის მეორე და მეოთხე ეტაპებზე. კომისიის რეკომენდაციით, კენჭისყრა უნდა იყოს ღია, კომისიის წევრებმა უნდა მიუთითონ თავიანთი არჩევანის ობიექტური კრიტერიუმები და დაასაბუთონ გადაწყვეტილება.

ვენეციის კომისიამ შენიშვნა გამოთქვა ასევე მოსამართლეთა შერჩევის მეოთხე ეტაპთან დაკავშირებით. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმას აძლევს თითოეულ კანდიდატს, რომელმაც ამ ეტაპის გასავლელად ხმათა არანაკლებ 2/3 უნდა დააგროვოს. ვენეციის კომისიის აზრით, ხმათა აუცილებელი რაოდენობა, შესაძლოა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აზრთა სუბიექტური სხვადასხვაობის გამო. ვენეციის კომისია ამ საკითხის გადახედვის წინადადებით გამოდის.

ამასთანავე, ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატების დამსახურების გათვალისწინებას და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პირად მოსაზრებას.