თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ბოლო პერიოდში Instagram-ზე ხშირად ჩნდება ფოტოები, სადაც ცნობილი ქართველი მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ნავარჯიშები ტანითა და ათლეტური აღნაგობით თავს იწონებს.
ბერა ივანიშვილი, რომლის მეუღლეც მოდელი ნანუკა გუდავაძეა, ხშირად ხვდება ორიგინალური გარეგნობის მქონე ყველაზე დახვეწილი და ლამაზი მამაკაცების რეიტინგებში.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ბერა ივანიშვილის შიშველი ტორსის ბოლო ფოტომ 24 საათში 40 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
ბერას აღნაგობიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არაა, რომ მომღერალი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია და სპორტითაც ინტენსიურადაა დაკავებული.
შესაბამისად, ბერას თაყვანისმცემლები აღფრთოვანებას და პოზიტიურ კომენტარებს არ იშურებენ: „მაგარ ტანზე ხარ ბერა“, „აი ესე ჯობია, მაგარ ტანზე ხარ, მეტი კუნთები“, „ვგიჟდები შენს კუნთებზე“, „ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს“.
ცნობილი ქართველი მუსიკოსი, საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.