თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი არასრულწლოვნებისთვის აზარტულ თამაშებთან ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გართულებას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ Palitra TV-ს ეთერში განაცხადა.
თბილისში სკოლის მოსწავლეების 48% აზარტული თამაშებით არის გატაცებული, ძირითადად, ონლაინ-კაზინოს მეშვეობით. ასეთია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" მონაცემები.
უახლოეს პერიოდში ინიცირებული იქნება კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ. მაგრამ რეკლამის შეზღუდვის გარდა საჭიროა ამოქმედდეს ისეთი რეგულაციები, რომლებიც მაქსიმალურად შეზღუდავს თვითონ აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, აუცილებელია ასაკობრივი ცენზის შეცვლა, განაცხადა კობახიძემ.
უფრო ადრე პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა უკვე სცადა კანონპროექტის გატანა, რომელიც აზარტული და მსგავსი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, მაგრამ 5 აპრილს შესწორებები ჩავარდა. დეპუტატებმა კონკრეტულ ფორმულირებაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.
კანონპროექტის ავტორი იყო ხუთი დეპუტატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა>>
ბოლო მონაცემებით, საქართველოში არის დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი, ონლაინ-კაზინოს შვიდი ვებ-გვერდი და 90 ტოტალიზატორი.
საქართველოს სამორინეებსა და სათამაშო აპარატების სალონებში შესვლა 21 წლამდე ადამიანებისთვის აკრძალულია, ხოლო ონლაინ-კაზინოში დარეგისტრირება 18 წლის ზემოთ შეიძლება. უცხოურ ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით საქმე ბევრად მარტივადაა. უმეტეს შემთხვევებში იქ საერთოდ საჭირო არაა პირადი ნომრის მითითება და ასაკის დადასტურება.