თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველი რეჟისორის გიორგი თავართქილაძის ფილმმა „ცუდი ხალხი“ ლონდონში გამართულ ფესტივალზე Discover Film Awards მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო საერთაშორისო დრამა“.
Discover Film Awards – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალია მსოფლიოში, რომელზეც ყოველწლიურად 70 ქვეყნიდან 4 ათასზე მეტი განაცხადი შედის. კონკურსში მონაწილეობისთვის ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 წუთს და უნდა გააჩნდეს ინგლისურენოვანი სუბტიტრები.
ყოველწლიური საპრიზო ფონდი 60 ათას აშშ დოლარს აღემატება. პირველი სამი საპრიზო ფონდის მფლობელებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, სხვა ნომინაციების გამარჯვებულებს – ფესტივალის სტატუეტები.
ქართული კინო Discover Film Awards-ზე პირველად არ იმარჯვებს. 2018 წელს ამ ფესტივალზე „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა თამთა გაბრიჩიძის ფილმმა „ვაჭარი“.
ფილმის შესახებ
მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი" რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა მამაკაცი გია, რომელიც 1991 წლის თბილისის ომში მონაწილეობდა. ფილმის სიუჟეტის თანახმად, თავისი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევი წამლის ძებნის დროს გია დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს ხვდება. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდნენ.
ფილმში ვახო ჩაჩანიძესა და ჯანო იზორიასთან ერთად მონაწილეობენ მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომონიშვილი, ლევან კუხაშვილი და ა.შ.
19-წუთიანი ფილმის სცენარის ავტორები არიან გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა, ოპერატორი – გელა ჩინჩალაძე. ფილმის წარმოებაზე კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობდა საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში მოკლემეტრაჟიან ფილმში „ცუდი ხალხი" მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ვახტანგ ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე Redline International Film Festival საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ.