თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ტოპმოდელმა კენდალ ჯენერმა არჩევანი ქართულ ბრენდ Zarqua-ზე შეაჩერა. ამერიკელი სუპერმოდელი, რომელმაც სახელი რეალითი შოუს - „კარდაშიანების ოჯახის“ წყალობით გაითქვა, ერთ კვირაში ორჯერ გამოჩნდა ნინა ზარქუას მიერ შექმნილი ფეხსაცმლით.
პირველად - Coachella -ს მუსიკალურ ფესტივალზე ულტრამოდური ვერცხლისფერი ფეხსაცმლით, რომლის დიზაინიც ნამდვილად გამორჩეული და თვალშისაცემია: ქუსლისა და ცხვირის უჩვეულო ფორმა გულგრილს არცერთ ჩაცმის მოყვარულ ქალბატონს არ დატოვებს.
მეორედ კენდალი Zarqua-ს ფეხსაცმლით Revolove Festival ბრენდის ღონისძიებაზე მივიდა. ამჯერად მან ბაცი სალათისფერი ტყავის ფეხსაცმელი შეარჩია.
ყოფილი მოდელისა და ახლა უკვე დიზაინერის, ნინა ზარქუას ბრენდი 2016 წელს შეიქმნა და მან მალევე დაიპყრო არაერთი ქალბატონის გული. დიზაინერი ქმნის არა მხოლოდ ფეხსაცმელს, არამედ სამკაულებს, ჩანთებსა და მაისურებს. ბრენდის თაყვანისმცემლებს შორის არის ასევე ქართველი წარმატებული დიზაინერი, თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე, რომელიც Zarqua-ს საყურეებს ანიჭებს უპირატესობას.
აღსანიშნავია, რომ კენდალ ჯენერი პირველად არ ირჩევს ქართველი დიზაინერის სამოსს. იგი ადრეც გამოჩენილა Dalood-ის, Situationist-ის და, რასაკვირველია, საყოველთაოდ აღიარებული Balenciaga-ს ბრენდის სამოსით.